skip to content
ახალი ამბები

სოხუმში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა

ქართველ ექსპერტთა ათკაციანი დელეგაცია დღეს სოხუმში გაემგზავრა, სადაც რუს და აფხაზ ექსპერტებთან ერთად საქართველო–რუსეთს შორის აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით ფსოუ-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის შეფასებით სამუშაოებში მიიღებეს მონაწილეობას.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მუშა ჯგუფი დღეიდან შეუდგება მუშაობას, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია დასრულდება თუ არა იგი 23 ოქტომბერს, როგორც ეს წინასწარ იყო დაგეგმილი.


„შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს შრომატევადი სამუშაოს გამო“, – აცნობეს „სივილ ჯორჯიას“ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.


სამივე მხარის ექსპერტები შეამოწმებენ 200 კმ-იან ფსოუ–ინგირის სარკინიგზო მონაკვეთს და შეადგენენ დოკუმენტს, სადაც გაიწერება რა სამუშაოების ჩატარებაა საჭირო აღნიშნული მონაკვეთის აღსადგენად.


აფხაზეთის გავლით საქართველო–რუსეთის სარკინიგზო მონაკვეთის ტექნიკური ექსპერტიზის შესახებ 15–16 ივნისს მოსკოვში გამართულ ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. თუმცა 10 აგვისტოს დაწყებულ ამ პროცესის პირველ ფაზაში ქართულ მხარეს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან აფხაზურმა მხარემ არ დაუშვა სამი ქართველი ექსპერტი, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button