ახალი ამბები

მოსკოვი გაეროში საქართველოს ელჩის გამოსვლაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ოქტომბერს კომენტარი გააკეთა გაეროში საქართველოს წარმომადგენლის რევაზ ადამიას გამოსვლაზე, რომელმაც 7 ოქტომბერს გაეროს პირველი კომიტეტის სხდომაზე რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაციის გამო გააკრიტიკა და მოსკოვის მიერ “აგრესიული სეპარატიზმის“ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიის ანექსია უწოდა.


“ჩვენი აზრით, ადამიას გამონათქვამები მოწმობს ფაქტობრივი მდგომარეობის ან უცოდინრობას ან კიდევ ერთი ნაბიჯია ქართულ–ოსური და ქართულ–აფხაზური კონფლიქტების გარშემო ატმოსფეროს დაძაბვისაკენ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.


ქართულ მხარის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა; საზღვარგარეთ, მათ შორის ნატოს ქვეყნებში, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეძენა; სამშვიდობო ინიციატივებზე განცხადებების შემცირება “ადასტურებს თბილისის გეგმებს ძალით მოაგვაროს“ კონფლიქტები და “დაადგეს კონფრონტაციის, კონფლიქტების გაღვივების გზას“.


მოსკოვის განცხადებით, საქართველო გაეროს თუ სხვა ტრიბუნების მეშვეობით კიდევ ერთხელ ცდილობს ანტირუსული კამპანიის გაღვივებას, “რომლის მიზანიცაა კონფლიქტების მოგვარების საქმეში რუსი მშვიდობისმყოფელების როლის დაკნინება და ამავდროულად, ამ პრობლემების [კონფლიქტების] ძალისმიერი მოგვარებისათვის გზის გახსნა“.


“ეს სახიფათო, თავად თბილისისთვის მძიმე შედეგების მომტანი გზაა. მსგავსი სცენარების სამწუხარო გამოცდილება არსებობს და თბილისში ეს კარგად უნდა ახსოვდეთ“,– ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში.


რევაზ ადამიას განცხადებას, რომ “რუსეთის სამხედროებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების“ მიერ მხარდაჭერილი “სეპარატისტული რეჟიმები“ იძლევიან შესაძლებლობას “ტერორისტულმა ჯგუფებმა შეისყიდონ იარაღი და მასობრივი განადგურების იარაღიც კი“, მოსკოვი საპასუხო ბრალდებებით პასუხობს.


“ადამია იქამდეც მივიდა, რომ აცხადებს, თითქოს, სამხრეთ კავკასიაში რუსეთი უწყობს ხელს ტერორისტებს…ყველასთვის ცნობილია, რომ ტერორისტებთან ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას ვაწარმოებთ. სწორედ ამის გამო რუსულ მხარეს კვლავ აქვს სერიოზული შეკითხვები თბილისთან ტერორისტების მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც მრავლად არიან პანკისის ხეობაში და საქართველოს სხვა რეგიონებში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button