ახალი ამბები

საქართველო ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კონვენციას შეუერთდა

დღეს პარლამენტმა 125 ხმით 5–ის წინააღმდეგ რატიფიკაცია გაუკეთა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციას, რომელთან შეერთებაც საქართველომ ვალდებულებად აიღო ევროპის საბჭოს წინაშე. ამ კონვენციის რატიფიკაცია ასევე სავალდებულო იყო საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) მიხედვითაც.
 
ჩარჩო კონვენციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების უფლებების განსაზღვრა და მათი გარანტირებულად დაცვა. კონვენციის რატიფიცირების ფარგლებში საქართველომ შიდა განაცხადის ფორმით გააკეთა გარკვეული დათქმები კონვენციის ცალკეულ მუხლებთან მიმართებაში.
 
კერძოდ, ეროვნულ უმცირესობათა სტატუსი მიენიჭება საქართველოში კომპაქტურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფებს, რომელთაც აქვს განსხვავებული ენა, კულტურული ტრადიციები და რელიგია.


ასევე საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების გამო ვერ იღებს ვალდებულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონვენციის დებულებების გავრცელების თაობაზე, თუმცა აკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, რომ დაიცავს კონფლიქტის ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი, ოსი და სხვა არაქართველი მოსახლეობის უფლებებს. 
 
საქართველოს შიდა განაცხადის მიხედვით, ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში აბრებზე ქართულთან და აფხაზეთში აფხაზურთან ერთად გამოიყენება ეროვნულ უმცირესობათა ენებიც, თუმცა ეს დებულება არ ვრცელდება ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოებაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button