skip to content
ახალი ამბები

დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილის უწყება გააკრიტიკეს

დღეს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გააკრიტიკეს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იმის გამო, რომ მისმა უწყებამ ვერ მოახერხა ეროვნულ უმცირესობათა შესახებ ჩარჩო კონვენციის პარლამენტში სარატიფიკაციოდ ხელახლა წარდგენა.


“თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ შეასრულებს თავის ელემენტარულ ფუნქციას, მაშინ სახელმწიფოს შეექმნება პრობლემები“, – განაცხადა 12 ოქტომბერს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა და კონვენციის პარლამენტში შეტანა დღესვე მოითხოვა. 


ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის ვარიანტი საქართველოს პარლამენტში რამოდენიმე წლის წინ ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით არის შესული. დეპუტატების უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტექნიკურად ვერ უზრუნველყო იგივე დოკუმენტი პარლამენტში მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიცირებით წარედგინა.


ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით საქართველოს პარლამენტს ეროვნულ უმცირესობათა ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება 1 სექტემბრამდე უნდა მოეხდინა ისევე, როგორც ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ქარტიის არანაკლებ 35 პუნქტის რატიფიცირება.

ამ კონვენციების რატიფიცირების საკითხი გათვალისწინებულია საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმითაც (IPAP). 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button