ახალი ამბები

ივანოვი: პარლამენტის დადგენილება სამშვიდობოების საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის დადგენილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოების შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით, “გავლენას არ იქონიებს რუსი სამშვიდობოების საქმიანობაზე“, იუწყება “რია ნოვოსტი“ 11 ოქტომბერს.


პარლამენტის დადგენილება, რომელიც 11 ოქტომბერს პლენარულ სხდომაზე ერთხმად დამტკიცდა, საქართველოს მთავრობას ავალებს მიიღოს ზომები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუ სამშვიდობო ძალების საქმიანობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არ გამოსწორდება შესაბამისად 2006 წლის 10 თებერვლისა და 2006 წლის 1 ივლისისთვის.


“ქართულ მხარეს აქვს უფლება დააყენოს საკითხი [სამშვიდობოების] გაყვანის მექანიზმის შეცვლაზე, მაგრამ სამშვიდობოების ამჟამინდელ საქმიანობაზე ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს“, – განუცხადა პარიზში ვიზიტისას სერგეი ივანოვმა ჟურნალისტებს.


ივანოვმა პარლამენტის დადგენილებას “პოლიტიკური“ უწოდა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების მანდატის  შეცვლა “ცალმხრივად არ შეიძლება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button