ახალი ამბები

საქართველო და ლიტვა ბალტიისპირეთს და სამხრეთ კავკასიას თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

ლიტვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანტანას ვალიონისმა და სალომე ზურაბიშვილმა 6 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ერთობლივ წერილს, რომელშიც მოუწოდებენ ლატვიის, ესტონეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს გააფართოვონ თანამშრომლობა ბალტიისპირეთის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, იტყობინება ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.      


ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ანტანას ვალიონისი და სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატივით გამოდიან, სადაც დეკემბერში ასევე დაგეგმილია ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო მინისტრების შეხვედრა.  


ლიტვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება რეგიონალურ თანამშრომლობასა და რეფორმების განხორციელებაში კარგი მაგალითია სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.


ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიუსელის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამავე ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრის წინ, რომელიც ვილნიუსში 2006 წელსაა დაგეგმილი.


საქართველოს პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოახერხებს “სამი პლუს სამი“ ფორმატის ამუშავებას, რაც ნიშნავს ახლო თანამშრომლობის დამყარებას ბალტიისპირეთის (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი) და სამხრეთ კავკასიის (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) ქვეყნებს შორის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button