ახალი ამბები

გამყრელიძემ მმართველ პარტიას გამარჯვება მიულოცა

“ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ “ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა , რომ ეს გამარჯვება მმართველ პარტიას “მილიონობით ლარი“ დაუჯდა.


“მინდა მივულოცო “ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად [პრეზიდენტ] მიხეილ სააკაშვილს. თუმცა, ფაქტიურად, მმართველ პარტიას მისალოცი არაფერი აქვს, რომელმაც მილიონობით ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიაში მხოლოდ ისნის საარჩევნო ოლქში და სავარაუდოდ უფრო მეტი ქობულეთში“, – განაცხადა გამყრელიძემ 3 ოქტომბერს.


“მეორე მხრივ, ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემებიც მრავლად დაფიქსირდა“,– დასძინა დეპუტატმა, რომლის თქმითაც, ათასობით ამომრჩეველი სიებში არ იმყოფებოდა.


მისი თქმით, თუ ეს ყველა პრობლემა მოგვარდება მომავალი არჩევნებისთვის, “ვარწმუნებ ყველას, რომ ნაციონალური მოძრაობა ვეღარ შეძლებს არჩევნებში გამარჯვებას“.


შუალედური არჩევნები ქობულეთის, ბათუმის, შუახევის, ტყიბულის და ისნის საარჩევნო ოლქებში  საქართველოს პარლამენტში ხუთი ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით ჩატარდა.


“ნაციონალური მოძრაობის” მთავარ კონკურენტებად ოთხი ოპოზიციური პარტია გამოდიოდა – ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, თავისუფლება და ლეიბორისტული პარტია. ოთხივე პარტია წინასაარჩევნოდ გაერთიანდა და პრაიმერის გზით შუალედური მაჟორიტარული არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატები შეარჩია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button