სააკაშვილი ევროკავშირს მოუწოდებს “გადამწყვეტი“ როლი შეასრულოს სამშვიდობო პროცესში
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 სექტემბერს რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მოსკოვს ინტენსიური მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, რათა გამოიძებნოს თანამშრომლობის ურთიერთმისაღები მექანიზმი ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემების თავიდან ასაცილებლად. სააკაშვილმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ფინეთის პრეზიდენტთან ტარია ჰანონეთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.
“მთავარი კითხვა, რომელიც რუსეთმა თავისთავს უნდა დაუსვას არის ის, თუ სად მთავრდება მისი საზღვარი… მე შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მოიცავს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ყველა ელემენტს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მზად არის მშვიდობიანად მოაგვაროს კონფლიქტები და ამ მიზნის მისაღწევად ეკონომიკური განვითარება სჭირდება.
“საქართველოს ახლა ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ჩვენ ვაშენებთ გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს… და საქართველოს ახლა არ სჭირდება არეულობა – ეს ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია… მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ აშშ-ის პირდაპირი ჩართვა [კონფლიქტების მოგვარების პროცესში] ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ რუსეთთან კონსულტაციების დროს, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ მექანიზმი, რომელიც პრობლემებს გამორიცხავს. თუმცა, ამ მიზნით ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს“,– დასძინა მან.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართვას სამშვიდობო პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. “ევროპამ ძალიან უნდა იაქტიუროს“,– განაცხადა მან.
“მე აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს [სააკაშვილს], რომ მშვიდობიანი მოგვარება კონფლიქტების ყველაზე მდგრადი გადაწყვეტაა“,– განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ფინელი დიპლომატი ჰეიკი ტალვიტიე, რომელიც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში, თვალყურს ადევნებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესს.
ტარია ჰალონენი, რომელიც თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა, ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)