skip to content
ახალი ამბები

მთავრობა ჟურნალისტებზე თავდასხმებთან კავშირს უარყოფს

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა გელა ჩარკვიანმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სამართალდამცავებს ჟურნალისტებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების გამოძიება დაავალა.


შიდა ქართლში გაზეთ “ახალი ვერსიის“ რეგიონულ ჟურნალისტს საბა ჩიჩიკაშვილს 6 სექტემბერს გორში უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ტელეკომპანია “202“-ის პოლიტიკური თოქ-შოუს დროებით წამყვანს ირაკლი კაკაბაძეს 6 სექტემბერს გვიან ღამით თავს დაესხნენ და ასევე სასტიკად გაუსწორდნენ.  ოპონენტები აცხადებენ, რომ ორივე ინციდენტის უკან ხელისუფლება დგას.


“ამგვარი ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მთავრობა თავადაა დაინტერესებული სიმართლის გაგებაში“, განაცხადა გელა ჩარკვიანმა პრეს-კონფერენციაზე.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს თავდასხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ “შეიძლება ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რაც  უმკაცრესად არის გამოსაძიებელი და პროვოკატორებს პასუხი უნდა გაეცეს“. მისი თქმით, ქართული სახელმწიფო არის სიტყვის თავისუფლების დამცველი, “რითაც მე ძალიან ვამაყობ“. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button