ახალი ამბები

კოკოითს ნოღაიდელთან უსაფრთხოების გარანტიების განხილვა სურს

სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამჟამად მხარეები მუშაობენ მასსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე. მისი თქმით, ცხინვალისათვის ამ შესაძლო მოლაპარაკებებზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოების გარანტიები იქნება.


“გვინდა, რომ ამ მოლაპარაკებებიდან ოსმა და ქართველმა ხალხმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, ასევე შეწყდეს პროვოკაციული ქმედებები [თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ]“, განაცხადა კოკოითმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ “თუ საქართველოს სურს კიდევ ერთი პიარ–აქცია განახორციელოს [ამ მოლაპარაკებებით], რა თქმა უნდა, არ მივცემთ საქართველოს ამის ნებას“.


“სამხრეთ ოსეთის მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება სურს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც [თვითგამოცხადებული] რესპუბლიკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, მკრეხელური და კონტროპროდუქტიულია“, განაცხადა კოკოითმა.


მას მხედველობაში ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებები, რომლის თანახმადაც გორში 3 თებერვალს მომხდარი აფეთქება ოსი დივერსანტების მიერ იქნა ორგანიზებული, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებმა მოამზადეს. 


“რაში გვჭირდებოდა გორის პოლიციის შენობის აფეთქება, თუ შეგვეძლო მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანება [საქართველოსთან ადმინისტრაციული] საზღვის მახლობლად“, განაცხადა კოკოითმა.


სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი, რათა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.


“საქართველომ უნდა შეაფასოს და დაგმოს ის ნაციონალისტური პოლიტიკა, რომელიც არსებობდა კომუნიზმის დროს, გამსახურდიას დროს  და ახლაც არსებობს, დემოკრატ სააკაშვილის დროს“, განაცხადა ედუარდ კოკოითმა.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button