skip to content
ახალი ამბები

სომხეთი ყარსი–ახალქალაქი–თბილისი–ბაქოს რკინიგზის მშენებლობას ეწინააღმდეგება

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა 30 აგვისტოს ერევანში გამართულ პრეს–კონფერენციაზე “ეკონომიკურად უაზრო“ უწოდა ყარსი–ახალქალაქი–თბილისი–ბაქოს რკინიგზის სამშენებლო პროექტს და განაცხადა, რომ სომხეთი ყველანაირად შეეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს ამ პროექტის განხორციელებას, იტყობინება “რეგნუმი“.


ოსკანიანის განცხადებით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა აზრს კარგავს იმდენად, რამდენადაც  ამ ქვეყნებს (თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი) ერთმანეთთან სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი ყარსი–გიუმრი–თბილისის არსებული სარკინიგზო მაგისტრალი აკავშირებს. თუმცა ეს მაგისტრალი, როგორც ოსკარიანი აღნიშნავს, “თურქეთის არასწორი პოლიტიკის გამო“ არ ფუნქციონირებს.


“მოვა დრო, რომ რეგიონული კონფლიქტები გადაწყდება, საზღვრები გაიხსნება და მაშინ ჩვენ რეგიონში ორი პარალელური რკინიგზა გვექნება, რომელთაგან ერთი აზრს დაკარგავს. რომელი? ამის მიხვედრა რთული არ არის – ის, რომელიც დღეს არ არსებობს“, განაცხადა ვარდან ოსკანიანმა.


მისი თქმით, აზერბაიჯანსა და საქართველოს არ აქვს მორალური უფლება ყარსი–თბილისი–ბაქოს სარკინიგზო პროექტზე საკუთარი ბიუჯეტებიდან გამოყონ თანხები, რადგან მათი “ბიუჯეტები სხვადასხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური წყაროებით ივსება“.


წინასწარი გათვლებით, 160-კილომეტრი სიგრძის რკინიგზის მშენებლობა დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი ეღირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button