
დემოკრატიულ სახელმწიფოთა რეგიონალური კოალიცია
იუშჩენკო და სააკაშვილი აქცენტს კვლავ დემოკრატიაზე აკეთებენ
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები, მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო დემოკრატიულ სახელმწიფოთა რეგიონალური კოალიციის შექმნის იდეით გამოვიდნენ – სწორედ ეს იდეა აისახა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც ორმა პრეზიდენტმა 12 აგვისტოს ლიკანის სამთავრობო რეზიდენციაში მოაწერა ხელი.
დეკლარაციას უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში სამდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლიდან ოთხი საათის შემდეგ მოეწერა ხელი.
“დღეს ხელი მოვაწერეთ ბორჯომის დეკლარაციას ჩვენს რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის შესახებ. ჩვენ ასევე გამოვდივართ ინიციატივით შემოდგომაზე უკრაინაში ჩავატაროთ კონფერენცია რეგიონის დემოკრატიულ სახალმწიფოთა მონაწილეობით. ჩვენ ასევე მოვიწვევთ რუსეთის, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. სააკაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას რეგიონის “დემოკრატიული ლიდერი“ უწოდა.
პრეზიდენტ იუშჩენკოს განცხადებით, დეკლარაცია ითვალისწინებს ინიციატივას “რეგიონის დემოკრატიულ სახელმწიფოთა კოალიციის“ შექმნის თაობაზე.
“თუ ჩვენ შევქმნით დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მოდელს, ჩვენ შევძლებთ ვიცხოვროთ წარმატებულ და აყვავებულ რეგიონში. ეს არის ჩვენი ინიციატივა“, განაცხადა იუშჩენკომ.
“გვინდა მოვიწვიოთ სამიტი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და ვიხილოთ იქ შავი ზღვის, კასპიის ზღვის რეგიონის, ასევე რუსეთის, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები“, დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, კონფერენციის მიზანი იქნება დემოკრატიულ სახელმწიფოთა რეგიონალური კოალიციის შექმნიის იდეის რეალიზების დაწყება.
პრეზიდენტებმა გასულ თვეებში უკვე მოაწერეს ხელი თანამშრომლობის შესახებ ორ მსგავს დოკუმენტს. პირველი დოკუმენტი, რომელსაც იანვარში სააკაშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი, ადასტურებს ორი ქვეყნის ერთგულებას დემოკრატიული პრინციპებისადმი, ხოლო მეორე, რომელსაც ასევე უკრაინაში მოეწერა ხელი, ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის მისწრაფებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
სააკაშვილმა ხაზი გაუსმა ბორჯომის დეკლარაციის ისტორიულ მნიშვნელობას და დასძინა, რომ შეხვედრის ადგილიც სიმბოლურია.
“ეს სასახლე [ლიკანის სამთავრობო რეზიდენცია] რუს იმპერატორებს ეკუთვნოდათ … მოგვიანებით სტალინი და საბჭოთა იმპერიის სხვა ლიდერები ასევე ისვენებდნენ აქ. მხოლოდ ყველაზე საშინელ სიზმარში თუ ნახავდნენ ისინი, თუ როგორ აწერენ აქ ხელს დამოუკიდებელი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები დემოკრატიის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას“, განაცხადა სააკაშვილმა.
ვიქტორ იუშჩენკომ ასევე ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობები “ადვილი არ არის“. მისი თქმით, რუსეთში ბევრი მითია იმის შესახებ, თუ რა მოხდა უკრაინასა და საქართველოში. იგი გულისხმობდა რუსი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციები რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.
“ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან გამორჩეულად მეგობრული იყოს. რუსეთი უდიდესი სახელმწიფოა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ მოვლენებს, რომლებიც იქ ვითარდება. ურთიერთობები ადვილი არ არის და არც არასდროს ყოფილა ადვილი. თუ არსებობს პრობლემები, მოდით მოვაგვაროთ ისინი. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია. ჩვენ [ლიდერები] უფრო ხშირად უნდა შევხვდეთ და უფრო ხშირად ვისაუბროთ“, განაცხადა მან.
იუშჩენკოს თქმით, უკრაინას სურს ახალი იმპულსი მისცეს რუსეთთან ურთიერთობებს. “მინდა [რუსეთის] პრეზიდენტი [ვლადიმერ] პუტინი არტეკის [საერთაშორისო საბავშვო ბანაკი ყირიმში] იუბილეზე მოვიწვიო. მოხარული ვარ, რომ ყაზანში შევხვდებით ერთმანეთს [აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ დსთ-ის სამიტზე]. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, თუმცა კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. დიალოგი საუკეთესო გზაა პრობლემების მოსაგვარებლად“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დეკლარაციის ხელმოწერისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ ორმა პრეზიდენტმა საზეიმოდ გახსნეს ბორჯომის განახლებული პარკი, რის შემდეგაც სააკაშვილი და იუშჩენკო პარკში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.