ახალი ამბები

ცხინვალში ბესლანის ტრაგედიაში საქართველოს კვალზე საუბრობენ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ მინძაევი 7 აგვისტოს სააგენტო „რეგნუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ შარშან სექტემბერში ქალაქ ბესლანში მომხდარ „ტერაქტამდე სამი კვირით ადრე თბილისში იმყოფებოდა შამილ ბასაევი,  ხოლო მანამდე ორი კვირით ადრე კი ასლან მასხადოვი [რომელიც 2005 წლის მარტში მოკლეს] იმყოფებოდნენ“.
 
გასული წლის 1 სერტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანი საშუალო სკოლაში მომხდარი ტერაქტის შედეგად ასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლება ამ ტერაქტის ორგანიზებაში სწორედ ბასაევსა და მასხადოვს ადანაშაულებდნენ.
 
„მე დღეს არ გავაკეთებ რაიმე სახის განცხადებას, მიმდინარეობს გამოძიება ვლინდება, რამდენიმე საინტერესო ფაქტი. მაგრამ არის ერთი ფაქტი – ტერაქტამდე სამი კვირით ადრე თბილისში იმყოფებოდა ბასაევი, მანამდე ორი კვირით ადრე კი მასხადოვი. თითოეული მათგანი შეხვედრებს მართავდა შესაბამის დონეებზე. დღეს მე არ დავასახელებ ვისთან და როდის,“ –  განაცხადა მინძაევმა.
 
27 ივლისს იმავე  „რეგნუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ მინძაევი ასევე აცხადებდა, რომ ბესლანის ტერაქტი თბილისიდან იყო ორგანიზებული.  „ჩვენ ვიცით ვინ ვის ხვდებოდა, სად და როდის თბილისში ბესლანის ტრაგედიამდე,“ – აცხადებდა მაშინ მანძიევი.  
 
მინძაევმა ეს განცხადებები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრალდებების საპასუხოდ გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის თქმით  1 თებერვლას გორში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც სამი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, ორგანიზებული იყო სამხრეთ ოსეთში მოქმედი დივერსანტთა ჯგუფის მიერ, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს.
 
28 ივლისს კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ, მინძაევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ბესლანის თემა, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ოსეთის ამ ქალაქში ტერაქტის შედეგად უდანაშაულო ბავშვები დაიღუპნენ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა იყოს. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button