ახალი ამბები

სოხუმი ალასანიასთან მოლაპარაკებებისგან თავს იკავებს

თბილისში დღეს მიმდინარე ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებების დაწყებამდე, სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე თავს იკავებს ოფიციალური მოლაპარაკებები აწარმოოს ირაკლი ალასანიასთან.

ირაკლი ალასანია, იმის გარდა რომ აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელია, ასევე არის აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარეც. ამ უკანასკნელ ორგანოს სოხუმის ხელისუფლება არალეგიტიმურად მიიჩნევს.

შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ალასანია ძალზედ კონსტრუქციული პიროვნებაა, რომელთანაც კონსულტაციების გამართვა შესაძლებელია, მაგრამ არა ოფიციალური მოლაპარაკებებისა, რადგან ეს უკანასკნელი აფხაზეთის დევნილ მთავრობასაც ხელმძღვანელობს.

გაეროს შუამავლობით თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავა წარმოადგენს. ადრე გავრცელებული ინფორმაცია რომ ამ მოლაპარაკებებში არაკლი ალასანიაც მიიღებდა მონაწილეობას არ გამართლდა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი შამბას უკვე მიუღია ანალოგიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობა სადაც ქართულ მხარეს ხაინდრავასთან ერთად ალასანიაც წარმოადგენდა. ეს წელს, 7–8 აპრილს ჟენევაში მოხდა, სადაც ალასანია მოლაპარაკებებში მონაწილეობდა როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი და არა როგორც აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button