skip to content
ახალი ამბები

მოლაპარაკებებზე თბილისი აქცენტს გალში ადამიანის უფლებებზე გააკეთებს

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, 4 აგვისტოს თბილისში გაეროს ეგიდით დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე ქართული მხარე გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.


“ეს არის ადამიანის ფუნდამენტალური უფლება. საერთოდ გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი სასწრაფო განხილვას საჭიროებს“, განცხადა 3 აგვისტოს პრეს–კონფერენციაზე გიორგი ხაინდრავამ.


დღესვე საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა  წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინიმ განაცხადა, რომ 4 აგვისტოს გაეროს ოფისში დაგეგმილ ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს სოხუმიდან დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა დაესწრება,  რომელიც თბილისში 22 ივლისს დაგეგმილ ანალოგიურ შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.


სერგეი შამბას პროტესტი განაპირობა 3 ივლისს ქართული მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ მცურავი თურქული გემის დაკავებამ და არსებული ტვირთის კონფისკაციამ. მოგვიანებით, 1 აგვისტოს ტვირთი თბილისმა აფხაზურ მხარეს გადაეცა.


ჰეიდი ტალიავინის თქმით, გაეროს ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაზე
განიხილება კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კონკრეტული საკითხები.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button