skip to content
ახალი ამბები

ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები 4 აგვისტოს იგეგმება

4 აგვისტოს თბილისში უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების შესახებ ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებები იგეგმება, რომელიც გაეროს ეგიდით გაიმართება. ამის შესახებ 2 აგვისტოს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ჰაიდი ტალიავინმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან სოხუმში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


დღესვე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დაადასტურა 4 აგვისტოს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ინფორმაცია. თუმცა, მისი თქმით, ჯერ-ჯერობით უცნობია დაესწრება თუ არა ამ შეხვედრას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა. 


ეს მოლაპარაკებები თბილისში 22 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა აფხაზური მხარის გამოუცხადებლობის გამო. სოხუმმა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თბილისის მიერ თურქული გემის დაკავების გამო თქვა, რომელსაც აფხაზეთში მიჰქონდა ტვირთი. ქართულმა მხარემ აღნიშნული ტვირთი სოხუმს 1 აგვისტოს დაუბრუნა.


აფხაზური სააგენტო “აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ჰეიდი ტალიავინმა სერგეი ბაღაფშს 29 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის თაობაზე მიღებული რეზოლუციის დეტალები გააცნო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button