ახალი ამბები

გორის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის ბიოგრაფიული ცნობები

გაზეთმა “რეზონანსმა“ მოიძია ბიოგრაფიული ცნობები ანატოლი სისოევის შესახებ, რომელიც შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, იყო რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი, რომელმაც 1 თებერვლის გორის ტერაქტს ორგანიზება გაუკეთა.


“რეზონანსის“ თანახმად, ანატოლი სისოევი დაიბადა თბილისში 1950 წელს და მსახურობდა ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდეგ რუსეთის სამხედრო დაზვერვაში. 1992 წელს მან ოფიციალურად დატოვა სამსახური და იმავე წელს გაემგზავრა აზერბაიჯანში, სადაც აზერბაიჯანის საველე არტილერიის  დაზვერვის მეთაურის რანგში მონაწილეობა მიიღო 1992–95 წლების მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.


1995 წელს იგი აზერბაიჯანში დააპატიმრეს. ამ მომენტისათვის ის უკვე უკრაინის მოქალაქე იყო.  აზერბაიჯანის პოლიციამ მას ერთ–ერთ ბრალდებად პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის წინააღმდეგ ტერაქტის დაგეგმვა წაუყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მას პრეზიდენტ ალიევის თვითმფრინავი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება “იგლათი“ უნდა ჩამოეგდო. სისოევს 15 წელი მიუსაჯეს, რაც მოგვიანებით 10–წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. 2001 წელს მას ამნისტია შეეხო და უკრაინაში გაემგზავრა. ბაქოში მოქმედი გაზეთი “ეხო“ იუწყებოდა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.


სისოევი ცხინვალში 2002 წლიდან იმყოფება და კოკოითის მრჩევლად მუშაობს.


შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს გორის ტერაქტში დაკავებულ ეჭვმიტანილებზე დაყრდნობით, რომ თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში სისოევი 120–მდე დივერსანტს წვრთნიდა. მისი თქმით, დივერსანტთა ჯგუფი ფლობდა სულ ცოტა ოთხ ჰაერსაწინააღმდეგო საშულება “იგლას“.


საქართველოს შსს–ს  ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი იმის თაობაზე,  რომ პიროვნება, რომლის ბიოგრაფიაც “რეზონანსმა“ გამოაქვეყნა იგივეა თუ არა, ვისაც სამინისტრო ასახელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button