skip to content
ახალი ამბები

ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილის სახლში ‘საშიში ნივთიერებები’ აღმოაჩინეს

საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა 27 ივლისს განაცხადეს, რომ აშშ–ს გამოძიების ფედერალური  ბიუროს (გფბ) ექსპერტებმა “დიდი რაოდენობით ძალიან საშიში ნივთიერებები“ აღმოაჩინეს ვლადიმერ არუთუნიანის სახლის სარდაფში, რომელიც პრეზიდენტ ბუშის თბილისში ვიზიტისას 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ხელყუმბარის სროლაშია ეჭვმიტანილი.


“გფბ–ს ექსპერტებმა აქ რამოდენიმე დღის მანძილზე იმუშავეს და თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოიკვლიეს [ეჭვმიტანილის] სარდაფი. თავად გფბ–ს ექსპერტებიც გაოცებულნი დარჩნენ იმ ნივთიერებების რაოდენობით, რომელიც იქ იქნა აღმოჩენილი“, განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.


“ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ზუსტად რა სახის ნივთიერებები იყო აღმოჩენილი მოგვიანებით მოგაწვდით. თუმცა ახლა იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეს ძალიან საშიში ნივთიერებებია, რომლებიც ტერორიტული აქტებისათვის მოსაწყობად შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული“, განაცხადა ადეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.


შს მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტებთან ეს კომენტარები ვაშლიჯვარში, ვლადიმერ არუთუნიანის სახლთან გააკეთეს. ეჭვმიტანილს ტერორიზმის მუხლით ბრალი ოფიციალურად 26 ივლისს წაუყენეს.


ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მადლობა გადაუხადეს გფბ–ს ექსპერტებს გაწეული დახმარებისათვის და აღნიშნეს, რომ ეს იყო ქართველ და ამერიკელ სამართალდამცველებს შორის თანამშრომლობის ნამდვილი მაგალითი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button