
თბილისი აფხაზეთის საბანკო სისტემის გაკონტროლებას ცდილობს
პირველი ქმედება, რაც რომან გოცირიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნისთანავე განახორციელა იყო ის, რომ მან მოსთხოვა რუსეთისა და ყირგიზეთის ცენტრალურ ბანკებს დაებლოკათ ბანკების საკორესპონდენციო ანგარიშები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე აცხადებს, რომ ანგარიშები უკვე დახურა, ამაზე გარკვეული ეჭვები კვლავ არსებობს.
რომან გოცირიძის თქმით, “უკონტროლო და უკანონო“ საბანკო რეჟიმი აფხაზეთში, რომელშიც რუსული ბანკებიც მონაწილეობენ, ფულის გათეთრებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
“როგორც ფულის გათეთრებაზე მომუშავე ფინანსური ჯგუფის წევრი, რუსეთი არღვევს საერთაშორისო ნორმებს და ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში. რუსეთმა იმდენი თავხედობაც გამოიჩინა, რომ რუსეთის ბანკის ერთ-ერთი ფილიალი სოჭში აბსოლუტურად ღიად ურიგებდა პენსიებს რუსეთის მოქალაქეებს სოხუმში“, განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა “სივილ ჯორჯიას“.
მისი თქმით, რუსეთის დაახლოებით 50 ბანკი, როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული, აფხაზეთში უკანონო ქმედებებში იყო ჩართული. აფხაზური ბანკები “ზოლოტაია კორონაში“ – რუსეთის გადახდების სისტემის რეგიონალურ ქსელშიც არიან ჩართული.
თბილისის მოთხოვნა საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვის თაობაზე 1996 წლის შეთანხმებას ეფუძნება, რომელსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე მოეწერა ხელი და რომელშიც ნათქვამია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა უკანონოდაა მიჩნეული. საქართველოს ეროვნული ბანკი მზადაა შუამავლის როლი ითამაშოს აფხაზურ ბანკებსა და მათ პოტენციურ პარტნიორებს შორის და ამ გზით შეამსუბუქოს აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა.
“რუსეთი უნდა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს საქართველოში [აფხაზეთში]“, აცხადებს გოცირიძე, თუმცა მისი თქმით, ამგვარი ქმედებები ეროვნული ბანკის შუამავლობით უნდა განხორციელდეს.
გოცირიძემ ეს პრობლემა ცენტრალური აზიის, ბალკანეთის სახელმწიფოების და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაზე დააყენა, რომელიც პეტერბურგში 27-28 მაისს გაიმართა და მოითხოვა უკანონო ქმედებების შეწყვეტა აფხაზეთში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი პრობლემის მოგვარებას ფულის გათეთრებაზე მომუშავე ფინანსური ჯგუფის საშუალებით გეგმავს, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში ძირითად წესებს განსაზღვრავს.
ქართული მხარის ამ ოფიციალური მოთხოვნიდან ცოტა ხნის შემდეგ, აფხაზურმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა დახურა თავისი ანგარიშები. გოცირიძის თქმით, “ეს სასიამოვნო სიურპრიზი“ იყო. “ვერ ვიტყვი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს “ბედნიერება“, მაგრამ ეს ნამდვილად კონსტრუქციული ნაბიჯია“, დასძინა მან.
ივნისის ბოლოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ისევ გახსნა აფხაზური ბანკების ანგარიშები. გაზეთმა “24 საათი“ 18 ივლისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით “წარუმატებელი საბანკო კრიზისი“, რომლის მიხედვითაც რუსულ მხარეს არასოდეს დაუბლოკავს აფხაზური ბანკების ანგარიშები.
თუმცა, რომან გოცირიძე ოპტიმისტურადაა განწყობილი. “ბათუმში ცოტა ხნის წინ მე შევხვდი ორი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, თუმცა არ მინდა მათი დასახელება და ისინი აცხადებენ, რომ მათ ვერ შეძლეს ფულის გადაგზავნა რუსეთის საშუალებით აფხაზეთში მოქმედ ფილიალებში. მათ აინტერესებთ, რამდენად შესაძლებელია, ფულის გაგზავნა საქართველოს კომერციული ბანკების მეშვეობით,“, განაცხადა გოცირიძემ.
ანალოგიური პრობლემა არსებობდა ყირგიზეთთან დაკავშირებითაც. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, ყირგიზულ მხარესთან გაურკვევლობა არ არსებობს. ყირგიზეთის იმ ბანკებმა, რომლებიც აფხაზეთში ფუნქციონირებდა, ივლისის დასაწყისში ოფიციალური წერილი გაუგზავნეს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელშიც ადასტურებენ, რომ მათ შეწყვიტეს საქმიანობა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში.