skip to content
ახალი ამბები

ქართველ მესაზღვრეთა პირველმა ჯგუფმა ეუთოს პროგრამით მომზადება გაიარა







მესაზღვრეები სამთო–სამაშველო მომზადებას
გადიან. 
ქართველ მესაზღვრეთა პირველმა, 77-კაციანმა ჯგუფმა 11 ივლისს ეუთოს წვრთნის პროგრამის ფარგლებში მომზადების ერთთვიანი კურსი დაასრულა. პროგრამის ფარგლებში საერთო ჯამში 850 მესაზღვრე გაივლის მომზადებას, რომელსაც საერთაშირისო ექსპერტები საქართველოს ოთხ საწვრთნელ ბაზაზე განახორციელებენ.


ეს პროგრამა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აპრილში მას შემდეგ დაამტკიცა, რაც რუსეთის მიერ ვეტოს დადების გამო, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის მისიის გაგრძელება ვერ მოხერხდა.       


“ამ პროგრამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს არასოდეს ჰყოლია 850 კარგად გაწვრთნილი მესაზღვრე“, განუცხადა ვიქტორ დოლიძემ, საქართველოს წარმომადგენელმა ეუთოში “სივილ ჯორჯიას“.


ქართველი მესაზღვრეები მომზადებას გადიან სამაშველო ოპერაციებსა და უსაფრთხოების წესების დაცვაში. წვრთნის კურსი ასევე ითვალისწინებს მომზადებას პატრულირების ტექნოლოგიებში, დაკვირვების მეთოდებში, მოხსენების პროცედურებში,  პირველად დახმარებებსა და კომუნიკაციებში.  


“ეს ჩვენთვის რაღაც ახალია. ქართველ მესაზღვრეებს არასოდეს გაუვლით ამგვარი მომზადება, განსაკუთრებით მთიან მიდამოებში სამაშველო ოპერაციებში“, განუცხადა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კორნელი სალიამ “სივილ ჯორჯიას“.


იგი მიესალმა მომზადების კურსს, თუმცა განაცხადა, რომ ახლა, დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებისას, საჭიროა სათანადო ყურადღება დაეთმოს ქართველი მესაზღვრეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის საკითხს.


“საზღვრის უკეთესი პატრულირებისა და დაცვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური აღჭურვილობის, მათ შორის ღამით ხედვის ხელსაწყოს ქონა. ეს ხელსაწყო ძალიან ძვირია – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს სულ ცოტა 5 მილიონი აშშ დოლარი დასჭირდება ამგვარი ხელსაწყოს შესაძენად, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ“, განაცხადა კორნელი სალიამ.


საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 2005 წლის ბიუჯეტი 19 მილიონ ლარს შეადგენს.


“ეუთოში ჩვენი მისია აპირებს ძალიან ინტენსიური მუშაობა განახორციელოს ამ კუთხით [ტექნიკური დახმარების მისაღებად]. თუმცა, ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხები ძირითადად სახელმწიფოებთან ორმხრივი შეთანხმების გზით წყდება“, განაცხადა საქართველოს წარმომადგენელმა ეუთოში.


მისი თქმით, ქართული მხარე ასევე განაგრძობს მოლაპარაკებებს ეუთოსთან საზღვრის მონიტორინგის მისიის შესაძლო აღდგენის თაობაზე.  “თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი ახლო მომავალში არ იქნება ისეთივე მნიშვნლოვანი, როგორც ის ადრე იყო“, დასძინა ვიქტორ დოლიძემ.


“დროა, რომ რაღაცის კეთება თავადაც დავიწყოთ“, განაცხადა მან.


ზაფხულის ბოლოსთვის 400-მდე მესაზღვრე გაივლის ტრეინინგებს ეუთოს წვრთნის პროგრამის ფარგლებში. “დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ახალი შესაძლებლობების სარგებელს იგრძნობს“, განაცხადა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა პირველი ეტაპის დასრულების ცერემონიაზე, რომელიც 11 ივლისს ყაზბეგში გაიმართა.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button