ახალი ამბები

სამხედრო პოლიცია შესაბამისი კანონმდებლობის მიღებამდე შეიქმნება

30 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და 1 ივლისს მეორე და მესამე მოსმენით განიხილა “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც შსს–სა და ფინანსურ პოლიციასთან ერთად საპოლიციო ფუნქციების მქონე ფორმირების, კერძოდ კი სამხედრო პოლიციის შექმნის უფლებას ანიჭებს თავდაცვის სამინისტროს.


თუმცა ჯერ–ჯერობით არ არსებობს სამხედრო პოლიციის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით კირკიტაძის განცხადებით, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება მიღებული.


“სამხედრო პოლიციის შესახებ კანონის მიღებამდე კი “პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების საფუძველზე დაიწყება სამხედრო პოლიციის ფორმირება“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დავით კირკიტაძემ.


თავდაცვისა და უშიშროების  კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სამხედრო პოლიციის შექმნა პრიორიტეტულია და ამ იდეას მხარს უჭერს აშშ, “რასაც მათი [აშშ–ს] მხრიდან სერიოზული ფინანსური თანადგომაც მოჰყვება“.


ეს განცხადება თარგამაძემ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის 13-17 ივნისს აშშ–ში ვიზიტისა და პენტაგონში გამართული შეხვედრების საფუძველზე გააკეთა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button