
მწვავე დებატები თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების წესზე
ოპონენტთა თქმით, ხელისუფლების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავის სასარგებლოდ დაკომპლექტების შემდეგ, მთავრობა ცდილობს თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების ისეთი სისტემა შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მმართველი პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებას 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
საკრებულოს არჩევის წესი
22 ივნისს დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან პროტესტის ნიშნად დატოვეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა. მათ თბილისის საკრებულოს და მერის არჩევითობის წესის შესახებ მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი გააპროტესტეს. ოპოზიციის განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, კანონი „ერთპარტიულ დიქტატურას“ დაამყარებს დედაქალაქში, სადაც საქართველოს ამომრჩეველთა დაახლოებით 1/3 ცხოვრობს.
„კონსერვატორების“ ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 22 ივნისს განაცხადა, რომ საკრებულოს არჩევის ახალი წესი ზოგიერთი პარლამენტარისთვისაც კი „სიურპრიზი“ იყო.
ხელისუფლების ინიციატივა გულისხმობს პროპორციული, პარტიული სიით არჩევნების სისტემის შეცვლას ახალი, სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ გავრცელებული მოდელით, რომელსაც პირობითად „მოგებულს ყველაფერი რჩება“ სახელით არის ცნობილი (A First-Past-the-Post “Winner Takes All” System).
კერძოდ, შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია დაასახელოს სამი ან ორი კანდიდატი საკრებულოს წევრობისთვის თბილისის თითოეულ საარჩევნო ოლქში. სულ თბილისში 10 ოლქია. დიდ ოლქებში – ასეთი კი ხუთია: საბურთალო, ნაძალადევი, გლდანი, სამგორი და ისანი – პარტიებს შეუძლიათ წარადგინონ სამი კანდიდატი თითოეულში; ხოლო დანარჩენ ხუთ, შედარებით მცირე ოლქებში, თითოეულ პარტიას შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ორი კანდიდატი.
მხოლოდ ის პარტია შეძლებს კანდიდატურების საკრებულოში გაყვანას, რომელიც არჩევნებში ყველაზე მეტ ხმებს დააგროვებს. ამ წესით დაკომპლექტებული საკრებულო კი თავის მხრივ აირჩევს დედაქალაქის მერს.
“ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი პარტია მოიპოვებს ხმების 20%, მეორე – 17% და მესამე 15% [ერთ-ერთ ოლქში], საკრებულოში მხოლოდ ის პარტია შევა, რომელიც ხმების 20% მოიპოვებს, ხოლო ის ხმები, რომლებსაც მეორე და მესამე ადგილზე მყოფი პარტიები მოიპოვებენ, ფაქტიურად იგნორირებული იქნება“, განუცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 22 ივნისს “სივილ ჯორჯიას“.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე შალამბერიძემ 22 ივნისს „სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ საკრებულოს არჩევის ეს მოდელი, რომელიც „ნახევრად პარტიულ–ნახევრად მაჟორიტარულ, შერეულ სისტემას“ ეფუძნება ევროპის საბჭოს მიერაა რეკომენდირებული.
დეპუტატ კობა დავითაშვილის თქმით, მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოგვიანებით ცოტათი შეცვალეს პოზიცია და გამოვიდნენ ინიციატივით, რომ ის პარტიები, რომლებიც ათივე ოლქში ერთად აღებული ხმების სულ ცოტა 4%-ს მოიპოვებენ, შეძლებენ ერთი ან ორი წევრის შეყვანას თბილისის საკრებულოში.
თუმცა, ეს შეთავაზება ძნელად თუ დააკმაყოფილებს განრისხებულ ოპოზიციას. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილ წინადადებას უწოდა მოდელი, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას სრული კონტროლი მოიპოვოს თბილისში.
ბრძოლა მერის სავარძლისთვის
თბილისის საკრებულოს არჩევის წესის შესახებ დებატებმა ის წინააღმდეგობაც კი გადაფარა, რომელიც ქალაქის მერის არჩევის წესთან დაკავშირებით არსებობს. ამჟამად, თბილისისა და ფოთის მერებს პრეზიდენტი ნიშნავს.
მთავრობის შემოთავაზების თანახმად, თბილისის მერი არაპირდაპირი წესით აირჩევა, ახალი წესით არჩეული საკრებულოს მიერ. საბოლოო პროექტის თანახმად, არ არის სავალდებულო მერობის კანდიდატის საკრებულოს წევრებს შორის შერჩევა.
ოპოზიცია მერის პირდაპირი წესით არჩევას მოითხოვს. 16 ივნისს ოპოზიციურმა პარტიებმა – “რესპუბლიკელებმა“, “კონსერვატორებმა“, ასევე მოძრაობა “ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცსკ) რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებაზე თანხმობის მისაღებად განაცხადი წარადგინა. “რეფერენდუმის შესახებ“ კანონის მიხედვით, ცსკ რეგისტრაციაში ატარებს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და ერთი თვის ვადაში გასცემს შესაბამის მოწმობას, რის შემდეგაც საინიციატივო ჯგუფი იწყებს ხელმოწერების შეგროვებას.
თუმცა ოპოზიცია შიშობს, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაშიც კი, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაწელოს პროცედურები, მათ შორის რეფერენდუმის შედეგის დაკანონება. “ამასობაში, მოვა ადგილობრივი არჩევნების დროც – 2006 წლის შემოდგომა – და მთავრობა ჩაატარებს არჩევნებს შემოთავაზებული წესის [არაპირდაპირი არჩევნების] მიხედვით“, განაცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.
ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებას “ეშინია“ პირდაპირი წესით არჩეული მერის, რადგანაც ამ შემთხვევაში თბილისის მერი “სერიოზული პოლიტიკური ფიგურა“ ხდება. თბილისში, რომელიც ქვეყნის ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია, ამომრჩეველთა დაახლოებით 1/3 ცხოვრობს.
დამკვირვებელთა თქმით, თბილისის ამჟამინდელ მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2004 წლის აპრილში დანიშნა ამ თანამდებობაზე, პირდაპირი წესით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში თანამდებობის შენარჩუნების ნაკლები შანსი აქვს.
“კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც ერთ დროს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო, უკვე გამოთქვა თბილისის მერობის სურვილი. სხვა პოლიტიკოსებს ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ რაიმე ოფიციალური განცხადება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თუმცა, ქართული მედიის ვარაუდით, თბილისის მერის თანამდებობისთვის ასევე იბრძოლებენ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, დეპუტატი გიორგი არველაძე, დეპუტატი ბესო ჯუღელი, ასევე მმართველი პარტიიდან და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე. ეს უკანასკნელი “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელმაც პარტია შარშან დატოვა. იგი ასევე არის კომპანია Georgian Wines and Spirits-ის (GWS) დამფუძნებელი.