skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ექსპერტები საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ

ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის დირექტორატის დირექტორმა იუგ მინგარელიმ, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის ექსპერტები დაიწყებენ კონსულტაციებს საქართველოს მთვრობასთან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით.


“ეს ითვალისწინებს საქართველოს ჩართვას ახალ ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში. ჩვენ გვსურს გავაღრმავოთ ურთიერთობები საქართველოსთან“, განაცხადა 21 ივნისს იუგ მინგარელიმ. 


მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ზოგ სფეროში იგრძნობა პროგრესი, თუმცა აცხადებს, რომ ბევრია გასაკეთებელი კანონის უზენაესობის განმტკიცების და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.


“[საქართველოში] უნდა ჩამოყალიბდეს მრავალფეროვანი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება“, განაცხადა იუგ მინგარელიმ.


მისი თქმით, დღევანდელ სხომაზე, რომელსაც ევროკავშირის და საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოკლედ იქნა განხილული ქვეყანაში კონფლიქტების მოგვარების საკითხები, რაც “მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს“.


იუგ მინგარელის განცხადებით, არსებობს ნარკოტიკების, ტრეფიკინგის, ტერორიზმის, მასიური განადგურების იარაღის გავრცელების საერთო საფრთხე, რაზეც ერთობლივი მუშაობა და ამ საერთო პრობლემების ერთიანი ძალებით დაძლევაა საჭირო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button