skip to content
ახალი ამბები

შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა მოსკოვში ჩატარდება

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრის ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომა მოსკოვში 20-23 ივნისს გაიმართება.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც შსკ-ში ქართულ მხარეს წარმოადგენს, დაადასტურა 17 ივნისს, რომ კომისიის სხდომა მოსკოვში იგეგმება, თუმცა მისი თქმით, ეს შეხვედრა 20-21 ივნისს გაიმართება.


ბორის ჩოჩიევმა არ გამორიცხა შეხვედრაში საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრების მონაწილეობის შესაძლებლობაც.    


შერეული საკონტროლო კომისია, რომელშიც ასევე შედიან საქართველოს, ჩრდილოეთ ოსეთის და რუსული მხარეების წარმომადგენლები, კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას განიხილავს. ვითარება კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც 29 მაისს ოს სამხედროებსა და ქართველ პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა, ხოლო 6 ივნისს კონფლიქტის ზონაში ოთხი ქართველი გაუჩინარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button