ახალი ამბები

ნოღაიდელი: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საქართველოს პოზიცია დადებითია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც თბილისში 15 ივნისს გახსნა დსთ–ს ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელთა შეხვედრა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას “დადებითი პოზიცია“ უკავია აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიმართ. რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა გენადი ფადეევმა განაცხადა, რომ სულ ცოტა 100 მლნ აშშ დოლარი დასჭირდება რკინიგზის ამ მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს.


“საქართველოს წინა ხელისუფლებას განსხვავებული პოზიცია ჰქონდა და [რკინიგზის გახსნის] წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახალ მთავრობას დადებითი დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ. მაგრამ ეს [რკინიგზის გახსნის] პროცესი ცალკეულ ორგანიზაციულ პრობლემებს აწყდება და რა თქმა უნდა, ეს საკითხი პირველ რიგში დაკავშირებულია გალის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოებასთან,“ განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.


რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელმა გენადი ფადეევმა 15 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სულ ცოტა 100 მლნ აშშ დოლარი დაჯდება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა.


“თუმცა ეს თანხა კიდევ გაიზრდება, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ [აფხაზეთის რკინიგზის ერთ–ერთი მონაკვეთის] ენგურის ხიდის რეაბილიტაციას“, დასძინა ფადეევმა.


“ვფიქრობ, ყველა მონაწილე ქვეყანა – რუსეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა ჩაერთონ ამ პროექტის დაფინანსებაში“, განაცხადა გენადი ფადეევმა.


საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის დავით ონოფრიშვილის გაცხადებით, “ადრე თუ გვიან“ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლა უნდა აღდგეს.


“ჩვენ მზად ვართ [სარეაბილიტაციო პროცესის დასაწყებად]. დღეს, მოსკოვში [რუსული, ქართული, აფხაზური მხარეების მონაწილეობით] იკრიბება ჯგუფი ტექნიკურ დეტალებზე მოსალაპარაკებლად. ფაქტი ერთია, რომ ადრე თუ გვიან რკინიგზა უნდა გაიხსნას და პირველ რიგში საქართველომ უნდა ნახოს მოგება აქედან“, განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button