ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან სავიზო დაპირისპირებაზე საუბრობს
ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი მარტინოვმა 10 ივნისს ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებ საქართველოდან “რევოლუციონერი მებრძოლების“ ბელარუსში ჩასვლის საფრთხემ განაპირობა. ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოუწოდა თბილისს, რომელმაც ბელორუსი ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო გააკრიტიკა, შეცვალოს პოლიტიკა მინსკის მიმართ.
“[ბელორუსის] პრეზიდენტის გადაწყვეტილება განპირობებული იყო ობიექტური და გასაგები ფაქტებით: საიდუმლო არ არის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და საქართველოს პარლამენტმა გააკეთეს განცხადებები და ასევე გადაწყვიტეს გამოაგზავნონ “რევოლუციონერი“ მებრძოლები [ბელორუსში], რომელთაც, ბუნებრივია, უკან მოჰყვებიან კრიმინალური ელემენტები. ჩვენ ვიცით ამ სცენარის შესაახებ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან“, განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაზე მინიშნებით, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაცია “კმარას“ ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო სამშვიდობო ოპერაციებში, რომელიც გასულ წელს “ნარინჯისფერი რევოლუციით“ დასრულდა.
“რას ისახავს მიზნად ამ რევოლუციონერი “მებრძოლების” გამოგზავნა ბელორუსში? ბელორუსი ხალხის წყნარი, ღირსეული და წარმატებული ცხოვრების ხელშეწყობას? რა თქმა უნდა არა. აშკარად, სხვა მიზეზები არსებობს. უნდა დაიცვას თუ არა [ბელორუსის] პრეზიდენტმა, როგორც ქვეყნის სტაბილურობის გარანტმა, სახელწმიფო ამგვარი დარბევებისგან? რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას. ამიტომაც, პრეზიდენტმა დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავ სტრუქტურებს კიდევ ერთხელ შეისწავლონ სიტუაცია და თუ საქართველოს ხელმძღვანელობის პოლიტიკა “ექსტრემისტების“ გამოგზავნის თაობაზე არ შეცვლილა, ჩვენ შესაძლოა ვურჩიოთ პრეზიდენტს დააწესოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან“, განაცხადა სერგეი მარტინოვმა.
ბელორუსის პრეზიდენტის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ქართველ დეპუტატთა ჯგუფმა დადგენილების პროექტი შეიმუშავა, რომელიც ურჩევს ხელისუფლებას აუკრძალოს ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში შემოსვლა. პარლამენტი ამ დადგენილებას მომავალ კვირას განიხილავს.
თუმცა, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პარლამენტის ამ რეაქციას “სულელური” უწოდა და იგი “ცარიელ ჭიქაში ქარიშხლად“ შეაფასა. მარტინოვის თქმით, ამჟამად საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ არსებობს და არც იქნება, თუ არ მოხდება საქართველოდან ბელორუსში “რევოლუციის ძალისმიერი ექსპორტი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)