ახალი ამბები

ტალიავინიმ ხაინდრავას სოხუმში ვიზიტის დეტალები გააცნო

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი დღეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გოგა ხაინდრავას შეხვდა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან 6 ივნისს სოხუმში გამართული შეხვედრის დეტალები გააცნო.


ჰეიდი ტალიავინის განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება “მზადაა განიხილოს დევნილების დაბრუნების საკითხი“.


“მთავარია უსაფრთხოების გარანტია… უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა“, განაცხადა ჰეიდი ტალიავინიმ.  


გოგა ხაინდრავას განცხადებით, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებასა და აფხაზეთის გავლით თბილისსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას.


ე.წ “სოჭის ფორმატში“ სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებენ 15-16 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული, აფხაზური და რუსული მხარეები.


ჰეიდი ტალიავინიმ ასევე ისაუბრა გალის რაიონში გაეროს ეგიდით ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით სოხუმის პოზიციაზე. ეს საკითხი ტალიავინიმ სოხუმში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დააყენა.


“ბაღაფში ამის [ოფისის გახსნის] საჭიროებას ვერ ხედავს და არგუმენტად მოჰყავს ის, რომ [დე ფაქტო] ხელისუფლება თავად ცდილობს გალში მოსახლეობის დაცვას“ , განაცხადა ჰეიდი ტალიავინიმ.


გოგა ხაინდრავას პოზიციით, გალში გახშირებული კრიმინოგენული ფაქტების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა “აუცილებელია“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button