ახალი ამბები

შსს ცხინვალში გაუჩინარებული ქართველების “გამტაცებელთა” გვარებს აქვეყნებს

13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე  გამოქვეყნდა იმ პირთა გვარები, რომლებმაც, როგორც შსს იტყობინება, “დაზუსტებით ცნობილია“, რომ 6 ივნისს ცხინვალიდან გაიტაცეს ლიახვის ხეობის, სოფელ ქურთას მკვიდრნი ბიძაშვილები – ჰამლეტ, მამუკა და გალაქტიონ ხაჭაპურიძეები და მათთან მყოფი ხაშურის რაიონის სოფელ ბიჯნისის მკვიდრი მამუკა ლომიძე.    


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები გაიტაცეს ცხინვალის ე.წ. “ტექსტილის” დასახლების კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა რუდიკ ბესტაევმა – მეტსახელად “ლულუმ” და  აცამაზ კოჩიევმა, რომელიც “29 მაისს ქურთასა და თამარაშენის პოლიციის შენობებზე შეიარაღებული თავდასხმისას მოკლული ორგანიზატორის ანატოლი კოჩიევის ვაჟია“.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას საქართველოს შსს–ს ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.


გაუჩინარებული ოთხი ქართველის ნათესავები ერთ–ერთ ვერსიად ასახელებდნენ შურისძიებას, რომელიც 29 მაისს შეიარაღებულმა ინციდენტმა გამოიწვია, რასაც ოთხი ოსი სამხედროსა და ერთი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა. 


სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 13 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იგი არ იცნობს. თუმცა “შურისძიებას გამოძიების დასაწყისშივე ერთ–ერთ ძირითად ვერსიად განიხილავდნენ სამართალდამცავები”, დასძენს ხაინდრავა.  


ამჟამად, ქართველი და ოსი სამართალდამცავები და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ერთობლივი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები გაერთიანებული ძალებით აწარმოებენ სამძებრო ღონისძიებებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button