ახალი ამბები

ბურჯანაძე: ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე საგამოძიებო კომისიას ვერ შევქმნით

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უკვე მეორედ განაცხადა უარი ოპოზიციის მოთხოვნაზე პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებს გამოიძიებს.  პირველად ანალოგიურ მოთხოვნაზე უარი “მემარჯვენე ოპოზიციამ“ 10 თებერვალს მიიღო.


ნინო ბურჯანაძემ ასევე უარი განაცხადა სამთავრობო საათის ფორმატში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის მიწვევაზეც, რადგან, მისი თქმით, “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არავინ მოგვიყვება“.


თუმცა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციური “კონსერვატორების“ ჯგუფიდან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ თავად გახადა საჯარო გამოძიების ცალკეული დეტალები, მათ შორის აშშ–ს ფედერალური ბიუროს დასკვნა. “ჩვენ სწორედ საჯაროდ ცნობილ ინფორმაციაზე ვითხოვთ გაჩენილ კითხვებზე პასუხებს“, დასძინა დავითაშვილმა.

“რესპუბლიკელი“ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, “6 წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარისა და გარდაცვალების მომენტში მოქმედი პრემიერ–მინისტრის დაღუპვის რეალური საფუძვლების გასარკვევად არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა და ეს არ არის მხოლოდ ჟვანიას მეგობრებისა თუ ფსევდომეგობრების ექსკლუზიური უფლება“.


ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებზე დეპუტატებმა საჯარო განცხადებები მას შემდეგ გააკეთეს, რაც ჟვანიას ოჯახის წევრებმა ეჭვი შეიტანეს გამოძიების ობიექტურობაში და ყოფილი პრემიერ–მინისტრის მკვლელობაზე გააკეთეს განცხადებები.


გამოძიების ვერსიით, ზურაბ ჟვანია არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოიწამლა და უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button