ახალი ამბები

გაზეთის ცნობით, აფხაზეთის მთავრობაში დაპირისპირება იზრდება

27 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი “24 საათი“ წერს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის წინააღმდეგ მიმართულმა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და კრიტიკამ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ გააჟღერა, მნიშვნელოვნად შეარყია რეგიონის მთავრობის ერთიანობა.


ლაკობამ, რომელიც ამ თანამდებობაზე თებერვალში დაინიშნა, 10 მაისს გადადგომაზე განცხადება დაწერა, თუმცა ბაღაფშმა ეს განცხადება არ დააკმაყოფილა. ლაკობამ თავისი გადაწყვეტილების მოტივად საგარეო პოლიტიკის საკითხებსა და მთავრობაში ახალ დანიშვნებთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.  


“მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ლაკობა კვლავ რჩება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე, მისი ოპოზიციური განწყობა პრეზიდენტ ბაღაფშის მიმართ უფრო და უფრო აშკარა ხდება“, წერს “24 საათი“.


უთანხმოების პირველი ნიშნები აპრილში გაჩნდა, როდესაც სტანისლავ ლაკობამ მკაცრად გააკრიტიკა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა საქართველოს დეგელაციასთან ერთად იტალიის სამხრეთ ტიროლის ავტონომიაში მოგზაურობის გამო. გაეროს მიერ ორგანიზებული ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა გაეცნო კონფლიქტის მხარეებისთვის სამხრეთ ტიროლის ფართო ავტონომიის მაგალითი, რომელიც შესაძლოა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მოდელი გამხდარიყო.


მოგვიანებით, სტანისლავ ლაკობამ ისევ გააკრიტიკა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი 12 მაისს გალის რაიონში უსაფრთხოების ზომების დაცვის შესახებ ოქმის ხელმოწერისთვის, იტყობინება “24 საათი“. ქართული მხრიდან ოქმს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ მოაწერა ხელი.


გაზეთი წერს, რომ სტანისლავ ლაკობა არასდროს თამაშობს კულუარულ პოლიტიკურ თამაშებს და თავის პოზიციას და კრიტიკას ყოველთვის ღიად აჟღერებს.


სტანისლავ ლაკობა ყოველთვის ბაღაფშის ახლო მოკავშირედ ითვლებოდა. იგი გასული წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაღაფშმა და ამჟამინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ძალაუფლების გაყოფის თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ლაკობა იძულებული გახდა უარი ეთქვა ვიცე-პრეზიდენტობაზე. სტანისლავ ლაკობა 1992-93 წლებში აფხაზეთის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 1994-96 წლებში დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი ეკავა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button