ახალი ამბები

სააკაშვილი რეფორმატორებს რჩევებს აძლევს

Financial Times-ში 26 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის ხუთი ძირითადი პრინციპი ჩამოთვალა, რომლებზეც, მისი თქმით, „არსებულმა თუ მომავალმა რეფორმატორმა უნდა გაამახვილოს ყურადღება“. სააკაშვილი წერს, რომ ახლა ნათელია, რომ თბილისში, კიევსა და ბიშკეკში განხორციელებული რევოლუციური ცვლილებების შემდეგ, „ძველი სტატუს ქვო წარსულს ჩაბარდა“.


„ბევრად ადვილია რევოლუციის განხორციელება, ვიდრე დანგრეული სახელმწიფოს გარდაქმნა წარმატებულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.


მისი თქმით, „დემოკრატიული რეფორმის შესაძლებლობის ფანჯარა ძალიან ვიწროა და განუსაზღვრელი დროით არ დარჩება ღია მდგომარეობაში. ყველა რეფორმატორმა უნდა იცოდეს, რომ მომავლისთვის შეჯიბრში სწრაფები იმარჯვებენ“.


„მეორეც, რეფორმა ყოვლისმომცველი უნდა იყოს. შეუძლებელია სახელმწიფო სტრუქტურის ნაწილის რეფორმირება და მეორე ნაწილში ძველი წესრიგის დატოვება“, წერს სააკაშვილი.


მისი თქმით, ხალხი რეფორმატორების საუკეთესო მოკავშირეა.


„პრინციპში, არ უნდა იყოს ისეთი რამ, როგორც არაპოპულარული რეფორმა; უბრალოდ, არიან რეფორმატორები, რომლებიც ხშირად ვერ ხსნიან სათანადოდ თავიანთ პროგრამებს და ვერ უკავშირებენ მათ გრძელვადიან საზოგადოებრივ ინტერესებს … ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივ დებატებს მათი წარმატებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს“.


მეოთხე პრინციპად მან ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა დაასახელა, რომლებიც „უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე მათი [რეფორმატორების] სამსახურებრივი ვადა“.


„და ბოლოს, რეფორმატორებს არ უნდა ჰქონდეთ იმის იმედი, რომ საზოგადოება მუდმივად ბედნიერი იქნება. მათ ისიც უნდა დაუშვან, რომ მათ ამომრჩევლებს, ადრე თუ გვიან, იმედი გაუცრუვდებათ მათში და აღარ დაუჭერენ მხარს“, განაცხადა სააკაშვილმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button