ახალი ამბები

ზურაბიშვილი მისი უწყების გუნდურობაზე საუბრობს

საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე მისი უწყების “გუნდურ“  წარმატებებზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო ერთ წელს საგარეო ურთიერთობებში “უბრძოლველად არ ჩაუვლია“.


“ძალიან ბევრი შემოტევა იყო ამ [საგარეო საქმეთა] სამინისტროზე. ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა ჩემი მოადგილე [გიორგი გომიაშვილი], რომელიც დღეს ჩვენთან არ არის… ბევრი რამე, რაც გაკეთდა სამინისტროში, მასთან ერთად გაკეთდა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


გიორგი გომიაშვილმა, რომლის შვეიცარიაში ელჩად დანიშვნაზე პარლამენტმა 20 მაისს თავი შეიკავა, პროტესტის ნიშნად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
 
სალომე ზურაბიშვილის თქმით მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არის გუნდი და „მომავალშიც იქნება ძლიერი გუნდი, ვერავინ ვერ დაგვშლის, ვერ შემოგვიტევს ისე, რომ დაგვასუსტოს“.


მინისტრის თქმით, გასული წელი ქვეყნისთვის განსაკუთრებით “წარმატებული იყო საგარეო პოლიტიკაში“, თუმცა “ბევრია კიდევ გასაკეთებელი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button