ახალი ამბები

ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოში ვიზიტად მყოფმა ლატვიის პრეზიდენტმა ვაირა ვიკე-ფრეიბერგამ 26 მაისს განაცხადა, რომ ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ქვეყნის უცხოური ჯარებისგან “გაწმენდის“ საქმეში. 


ვაირა ვიკე-ფრეიბერგა, რომელიც თბილისში 25 მაისს ჩამოვიდა, თბილისში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა .


“ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა და გაგვეწმინდა ჩვენი ქვეყანა უცხოური ჯარებისგან. და სწორედ ამიტომ თქვენ ჩვენგან გაქვთ სრული გაგება და მხარდაჭერა, რომ გქონდეთ ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი საკუთარი საზღვრები, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი მიწა და რომელსაც არ ჰყავს უცხოური ჯარები თავის ტერიტორიაზე“, განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საუკუნეების მანძილზე საქართველოს ხშირად ავიწროვებდა ერთი ან რამდენიმე უცხოური ძალა. “ეს აღარ განმეორდება. ევროპა ამას არ დაუშვებს, მსოფლიო ამას არ დაუშვებს“, დასძინა ლატვიის პრეზიდენტმა.


“შემიძლია ჩვენი [ლატვიის] გამოცდილებიდან გითხრათ, რომ ეს გზა [ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ] გრძელი და რთულია. თუმცა, ჩვენ ის სხვა, ანალოგიური იდეების მქონე ერებთან ერთად გვერდიგვერდ გავიარეთ, ჩვენ ეს გზა იმ ერების დახმარებით გავიარეთ, რომლებიც უკვე იყვნენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების [ნატოს, ევროკავშირის] წევრები”, აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.


“და ისევე როგორც ჩვენ მივიღეთ დახმარება, როცა ის ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ჩვენ ახლა მზად ვართ თქვენ შემოგთავაზოთ დახმარება და სხვებსაც ვურჩიოთ ამის გაკეთება“, დასძინა მან.


მისი თქმით, 2003 წლის “ვარდების რევოლუცია“ გახდა “იმედის და დემოკრატიის შუქურა“ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჯერ მხოლოდ ოცნებობენ ამის შესახებ. “მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ ის გზა, რომელიც “ვარდების რევოლუციის“ დროს აირჩიეთ“, განაცხადა მან.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button