ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ მივაღწევთ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული მხარე რუსული ბაზების გაყვანას მიაღწევს, “რუსეთთან ერთად მშვიდობიანად“ და იქვე დასძინა, რომ საქართველო არ აპირებს მის ტერიტორიაზე არც ერთი ქვეყნის სამხედრო ნაწილების განთავსებას.
 
“რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის გადაწყვეტილება იმედია, რომ იქნება მიღებული. ჩვენ აქ [ქართულ-რუსული მოლაპარაკებების დროს თბილისში 23–24 მაისს] ძალიან პრინციპულად დავდექით. ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთი გავიუცხოოთ, ნამდვილად არ ვართ არასაღად მოაზროვნეები, რომ არ გვესმოდეს რუსეთთან რა მნიშვნელობა აქვს კარგ ურთიერთობას, მაგრამ ასევე უნდა მიხვდეს ყველა, რომ საქართველოსთან ხელის დაკვრით და სხვანაირი ლაპარაკი არ შეიძლება და ეს პრეზიდენტ პუტინს ძალიან კარგად ესმის”, განაცხადა სააკაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების ინტერესში არ შედის საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების ჯარების განლაგება. “არ გვსურს საქართელო იყოს პლაცდარმი უცხო ქვეყნის ჯარებისთვის, ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ჩვენი ჯარი”, განაცხადა სააკაშვილმა 
 
“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთმა ჩვენმა მეზობელმა თავი არ იგრძნონ საფრთხის ქვეშ; ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ იგრძნოს არანაირი პრობლემები საქართველოს მხრიდან, ჩვენ ეს არ გვჭირდება”, დასძინა მან.
 
“[ბაზებთან დაკავშირებული] ეს ისტერია უნდა მორჩეს, ყველა უნდა შეეგუოს, რომ ეს ქვეყანა [საქართველო] არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და ორ ქვეყანას შორის ღირსეული, თბილი, მეგობრული კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა დამყარდეს”, განაცხადა სააკაშვილმა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში 23–24 მაისს გამართული მოლაპარაკებებისას “მაქსიმალურად იქნა დაახლოებული მხარეთა პოზიციები. შესათანხმებელი დარჩა რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ცალკეული ეტაპების ვადების საკითხი, რომელიც შემდგომი პოლიტიკური დიალოგის საგანი გახდება.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button