ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის დელეგაცია პანკისში ჩეჩენ ლტოლვილებს ხვდება

24–25 მაისს პანკისის ხეობაში რუსეთისა და ჩეჩნეთის მთავრობის დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ მათი სამშობლოში დაბრუნების მიზნით.


პანკისში გამგზავრებამდე დელეგაციის წარმომადგენლები, მათ შორის ჩეჩნეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხუსეინ მაკაევი, დღეს თბილისში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ეთერ ასტემიროვას შეხვდნენ.


“მათ ისაუბრეს ყველა იმ პირობაზე, რასაც სთავაზობენ ჩეჩენ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიებზე“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ეთერ ასტემიროვამ.


მისი თქმით, ერთ-ერთი პირობაა ასევე დროებითი განსახლების პუნქტების შექმნა, სადაც ჩეჩნეთში დაბრუნებული ლტოლვილები, რომლებზეც  გაიცემა კომპენსაციებიც, საცხოვრებელი სახლების აშენებამდე  იცხოვრებენ.

“დელეგაციას მოვახსენე, რომ ჩვენი [ქართული] მხრიდან ჩეჩენ ლტოლვილებს არანაირი შეფერხება არ ექნებათ, თუ ისინი საკუთარი სურვილით გადაწყვეტენ სამშობლოში, უსაფრთხო გარემოში დაბრუნებას“, დასძინა მინისტრმა.


ანალოგიური მისიით რუსეთის დელეგაცია უკვე სამჯერ ესტუმრა პანკისს, თუმცა მათ ვერ შეძლეს ლტოლვილების დარწმუნება ჩეჩნეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩეჩენი ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნებაზე უარს “უსაფრხოების მექანიზმის არარსებობის გამო” ამბობენ.


ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბოლო მონაცემებით ამ დროისათვის საქართველოში 2 548 ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა პანკისის ხეობაშია განსახლებული.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button