ახალი ამბები

ზურაბიშვილი ბაზებზე, ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებზე საუბრობს

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 26 მაისს გაზეთ “24 საათი“–სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რუსეთთან სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, რომელიც “პროგრესისკენ მიდის“,  ღიად მხოლოდ [ბაზების გაყვანის] თარიღი რჩება, “თუმცა ამაზე კიდევ დიდხანს შეხვედრებს და ლაპარაკს არ ვაპირებთ. ყველაფერი ნათქვამია, ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები“, აცხადებს მინისტრი.


ქართული მხარე, ზურაბიშვილის თქმით, ბაზების გაყვანის ბოლო ვადად  2008 წელს ასახელებს.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამჟამად მოლაპარაკებებში მოსკოვის მხრიდან “ვაჭრობის“ მთავარი თემა ჯარების გაყვანის ტექნიკური სირთულეებია“ და არა “ჯარების არგაყვანის საკითხი“.


“ოფიციალური პირებისგან არასდროს არ არის დავა ბაზების გაყვანის პრინციპთან დაკავშირებით“, აღნიშნავს ზურაბიშვილი.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართული მხარე მზად არის ბაზების გაყვანის პროცესს ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს, “მხოლოდ ზომიერების ფარგლებში“.


ამჟამად ბაზების გაყვანასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მიმდინარეობს მუშაობა და მინისტრის თქმით, იგი სრულყოფილი მაშინ გახდება, როცა ყველაფერი შეთანხმდება და ტექსტის პარაფირება მოხდება. “ეს კი მალე მოხდება“, დასძენს მინისტრი, თუმცა კონკრეტულ თარიღზე არ საუბრობს.


ზურაბიშვილმა აქვე აცხადებს, “არ არსებობს მათ [რუსებმა] რაიმე პუნქტი დაარღვიონ და ჩვენ ამაზე გავჩუმდეთ“.


მინისტრი ინტერვიუში ქართულ–რუსული მოლაპარაკებების ბუნებასაც ეხება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო [საქართველოში, უკრაინაში რევოლუციები] რუსები “გაღიზიანებულები არიან და ამას [ბაზების გაყვანას] საქართველოს დაკარგვად აფასებენ“.


“გაღიზიანების ფონი უდაოდ არსებობს და რუსებთან ნებისმიერ მოლაპარაკებებში ეს არის არსებითი პრობლემა. ისინი ვერ აღგვიქვამენ, როგორც მეზობელს, რომელთანაც შეიძლება საერთო ინტერესები გვქონდეს“, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და დასძენს, რომ “ეს ყველაფერი ემოციურ ფონზეა“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button