ახალი ამბები

რუსეთის საელჩო გმობს რუსი ჯარისკაცების დაკავების ფაქტს

რუსეთის საელჩომ საქართველოში 21 მაისს გაავრცელა განცხადება , რომელშიც გმობს ბათუმში ქართველი სამართალდამცავების მიერ რუსი ჯარისკაცების ხანმოკლე დაკავების ფაქტს და ქართულ მხარეს ბაზების გაყვანის თაობაზე ქართულ-რუსული მოლაპარაკებების პროცესის შეფერხების მცდელობაში ადანაშაულებს.


“ჯარისკაცები [ქართულმა პოლიციამ] ყოველგვარი მიზეზის გარეშე დააპატიმრა … [ამ დაპატიმრების] დეტალები მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ [ქართული მხარის] ამგვარი ქმედება მიზნად ისახავდა ქართულ და რუსულ მხარეებს შორის სამხედრო საკითხებზე დაგეგმილი მოლაპარაკებების [23 მაისს, თბილისში] გართულებას“, იტყობინება “რია ნოვოსტი” რუსეთის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით.


ბათუმში განლაგებული რუსეთის მე-12 სამხედრო ბაზის ოთხი ჯარისკაცი 20 მაისს გვიან ბაზის სარდლობას მას შემდეგ გადასცეს, რაც ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში ბათუმის პოლიციაში იყვნენ დაკავებულები.  ბათუმის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, რუსი სამხედროები ნასვამები იყვნენ და ხულიგნობის მოტივით დააკავეს.


რუსეთის საელჩოს განცხადებით, ამ ინციდენტმა უბიძგა რუსულ მხარეს “განეხილა საკითხი იმის თაობაზე, რომ ურჩიოს რუს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ბათუმში და მთლიანად აჭარაში მოგზაურობისგან“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button