ახალი ამბები

ექსპერტი: ბუშის გამოსვლისას სომხური მოდიფიკაციის ყუმბარა ისროლეს

გაზეთ “კვირის პალიტრის“ 16-22 მაისის ნომერში დაიბეჭდა ქართველი სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის სტატია, რომელშიც იგი წერს, რომ თბილისში აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის თავისუფლების მოედანზე გამოსვლის დროს ნასროლი ხელყუმბარა არ იყო საბჭოთა წარმოების RGD-5 ტიპის, როგორც ამის შესახებ ადრე იტყობინებოდნენ. ექსპერტის თქმით, ეს იყო RGD-5 ტიპის ხელყუმბარის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელსაც სომხეთში, ყარაბაღის კონფლიქტის დროიდან ამზადებენ.
 
გაზეთი აქვეყნებს ხელყუმბარის ფოტოებს, რომლებზედაც მითითებულია დრო – 10 მაისი, 2005, 16:58.  თვითონ ხელყუმბარას აქვს შტამპი: D-100-403. ექსპერტის თქმით, თუ ამ მოდიფიცირებული მოდელის მწარმოებლებმა საბჭოური სისტემის შტამპი გამოიყენეს, მაშინ ბოლო ორი ციფრი გამოშვების თარიღს ნიშნავს – 2003 წელს. თბილისში ნასროლი ხელყუმბარა, ფალიის გარეშე, 310 გრამს იწონის. 
 
ალადაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ხელყუმბარა საბრძოლოდ მზად იყო, თუმცა აფეთქება ტექნიკური დეფექტის გამო არ მოხდა. მისი თქმით, საბჭოთა RGD-5–ისგან განსხვავებით, სომხური ხელყუმბარა არ გამოირჩევა დამზადების მაღალი ტექნოლოგიით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button