ახალი ამბები

თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდილი ნაწილი საბაჟო გადასახადს მოხმარდება

2005 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ლარის გამოყოფა, რომელიც სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვების განბაჟებას მოხმარდება. ამჟამად, თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 314.7 მილიონ ლარს შეადგენს.


საქართველოს კონტროლის პალატა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საბაჟო გადასახადისათვის საჭირო თანხების ბიუჯეტში ასახვა თავის დროზე არ მოხდა. ამასთან, კოტროლის პალატა მოითხოვს, რომ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბაჟო გადასახადი მუხლებად გაიწეროს საბიუჯეტო კანონში.


თავდაცვის ბიუჯეტის არაგამჭვირვალეობაზე პრეტენზიებს გამოთქვამს საპარლამენტო ოპოზიციაც.  19 მაისს, საბიუჯეტო ცვლილებების საპარლამენტო განხილვის დროს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ განაცხადა, “თუ 46 მილიონი ლარი მხოლოდ საბაჟო გადასახადისთვის არის გათვალისწინებული, მაშინ თავდაცვის სამინისტროს თავისი ბიუჯეტის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 200 მლნ ლარის შესყიდვები განუხორციელებია, რაც არარეალურია“.


2005 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც 2.712 მილიარდ ლარიანი არსებული ბიუჯეტი დამატებით 86.8 მილიონი ლარით იზრდება, სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაზე 40 მლნ ლარია გათვალისწინებული. ეს მაჩვენებელი ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ დეპუტატების მოთხოვნით საბიუჯეტო ცვლილებებში კორექტივები შეიტანა.


მოსალოდნელია, რომ გაზრდილ ბიუჯეტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button