ახალი ამბები

ხაინდრავა გალში ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებს “პოზიტიურს” უწოდებს

სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა გალის რაიონში 12 მაისს გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას პოზიტიურს უწოდებს და აცხადებს, რომ 12 მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმების შედეგად ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს, „რაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანთა უფლებების დაცვას განაპირობებს“. 
 
“ჩვენ მივესალმებით აფხაზებთან დიალოგის ყველა შესაძლებლობას“,  განაცხადა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა ერთობლივი ქართულ-აფხაზური საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომელიც კონფლიქტის ზონაში აქამდე ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს.


“ჩვენ აფხაზური მხრიდან მივიღეთ რწმუნება, რომ კარდინალური ნაბიჯები გადაიდგმება გალის რაიონში კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესებისკენ, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, განაცხადა 13 მაისს გოგა ხაინდრავამ.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი შეთანხმებაა ასევე სხვადასხვა პროექტების განხორციელების საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დახმარების აღმოჩენა; კონფლიქტის ზონაში ქართული და აფხაზური სადამკვირვებლო პოსტების 650 მეტრით დაშორიშორება, “რაც გამორიცხავს პირდაპირი კონტაქტის საფუძველზე დაპირისპირებას”, დასძინა ხაინდრავამ.


განახლდება ასევე კოდორის ხეობის ერთობლივი პატრულირება. კონფლიქტის ზონაში ინფორმაციის გაცვლა უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, მათ შორის სამართალდამცავ სფეროში. 


“[სამშვიდობოებისთვის] შემოღებული იქნება სამკერდე ნიშნები, რაც მოსახლეობას მათი ყაჩაღებისგან გარჩევის საშუალებას მისცემს“,  განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 


მომავალ შეხვედრაზე, რაც გოგა ხაინდრავას თქმით, ივნისისში კვლავ გაეროს ეგიდით გაიმართება, განიხილება გალში ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნა, ენგურის ხიდზე ავტობუსის მოძრაობის აღდგენა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 


მანამდე კი, მაისის ბოლოსთვის მოსკოვში იგეგმება ქართულ-აფხაზური შეხვედრა, სადაც განიხილება ე.წ სოჭის ფორმატის საკითხები – დევნილთა დაბრუნება და აფხაზეთის გავლით საქართველო–რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button