skip to content
ახალი ამბები

ცხინვალი დამკვირვებელთა დაკავებას ადასტურებს და ეუთოს მიკერძოებაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა 13 მაისს დაადასტურა ინფორმაცია, რომ ზნაურის რაიონში ეუთოს ორი დამკვირვებელი დააკავეს, რადგანაც “შერეულ სამშვიდობო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი შეტყობინება მათი იქ ყოფნის თაობაზე, როგორც ამას მანდატი ითვალისწინებს“.


ეუთოს ორი დამკვირვებელი კონფლიქტის ზონაში ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ დიმიტრი რუპელმა უკვე დაგმო ინციდენტი და მას “არსებული შეთანხმებების სერიოზული დარღვევა“ უწოდა.


13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტმა კონფლიქტის ზონაში ეუთოს საქმიანობაც გააკრიტიკა და მას “მიკერძოებული” უწოდა.


“ქართული მხარის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სამხედრო ძალების გაზრდა მათი [ეუთოს დამკვირვებელთა] ყურადღების მიღმა რჩება. ხოლო ოსური მხარის მიერ განხორციელებული ღონისძიებები აგრესიული საქართველოსგან საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, საკმაოდ გაზვიადებულია“, ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button