ახალი ამბები

თბილისი და სოხუმი გაეროს ეგიდით უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა 12 მაისს გალის რაიონში გაემგზავრება, სადაც აფხაზურ მხარესთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გაეროს მიერ უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ მოლაპარაკებებში. აფხაზურ მხარეს მოლაპარაკებებზე დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა წარმოადგენს.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ 11 მაისს გავრცელებულ პრეს-რელიზში ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლებიც მოლაპარაკებების დროს იქნება განხილული. გავრცელებეული ინფორმაციით, შეხვედრას გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი და კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.   


მონაწილეები განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს, როგორიც არის: კონფლიქტის ზონაში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელთა იდენტიფიცირება; კონფლიქტის ზონაში ნებადართული პირადი იარაღის კალიბრისა და ტიპის დადგენა; კონფლიქტის ზონაში დამნაშავეობასთან ბრძოლისა და სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელების მიზნით, ორივე მხარის რეგიონალურ ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაზრდა; ენგურის ხიდზე ავტობუსის რეისის ამოქმედება; მხარეების მიერ დანაღმული მინდვრების რუქების წარმოდგენა; კონფლიქტის ზონაში მხარეებს შორის კავშირის ცხელი ხაზის ამოქმედება.


დღესვე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ანონსში ნათქვამია, რომ 11 მაისს გოგა ხაინდრავა შეხვდება საფრანგეთის ელჩს საქართველოში ფილიპ ლეფორს, რომელიც “ახლო მომავალში სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად გაემგზავრება“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button