ახალი ამბები

ბეჟუაშვილი: თავისუფლების მოედანზე, წინასწარი ვარაუდით, ხელყუმბარა აღმოჩნდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია 10 მაისს თავისუფლების მოედანზე ხელყუმბარის აღმოჩენასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა აშშ-ს და საქართველოს პრეზიდენტები სიტყვით მიმართავდნენ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას, “თუმცა არანაირი საფრთხე პრეზიდენტებს არ ემუქრებოდათ“, აღნიშნა ბეჟუაშვილმა.


“წინასწარი ვარაუდით, ეს იყო საბჭოური გამოშვების RPG–5 ტიპის ხელყუმბარა, რომელიც [პრეზიდენტების]ტრიბუნიდან დაახლოებით 50 მეტრში იქნა ნაპოვნი… და არა ნასროლი. ვფიქრობთ, რომ მიზანი იყო ხალხის შეშინება და მედიის ყურადღების მიპყრობა, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მიხდება დღეს ამაზე საუბარი“, განაცხადა ბეჟუაშვილმა.


“პრეზიდენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რადგან ხელყუმბარა არასაბრძოლო მდგომარეობაში იქნა აღმოჩენილი“, აღნიშნა გელა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, აღნიშნული საგანი საქართველოს უშიშროების სამსახურებმა აღმოაჩინეს, თუმცა ფაქტის შესახებ თავიდანვე აცნობეს ამერიკულ მხარეს.


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button