ახალი ამბები

საქართველოდან და მოლდოვადან რუსული ბაზების გაყვანამდე CFE-ის რატიფიცირება ჩიხშია

აშშ–ს ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ვერშბოუმ 7 მაისს “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ და ევროპაში ჩვეეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების (CFE) მონაწილე სხვა ქვეყნები CFE–ის  რატიფიკაციის მიზნით ვერ გადადგამენ ნაბიჯებს მანამ, სანამ არ შესრულდება 1999 წლის სტამბოლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოდან და მოლდოვადან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.


“და, რა თქმა უნდა, შეთანხმება ვერ ამოქმედდება, თუ მხარეები, მათ შორის საქართველო და მოლდოვა, არ მოახდენენ მის რატიფიცირებას, ამიტომ ამ საკითხში წინსვლა მხოლოდ აშშ–სა და ნატო–ზე არ არის დამოკიდებული“, აღნიშნა ვერშბოუმ.


მისი თქმით, რუსეთის ბოლო წინადადებები საქართველოდან ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით მხარეთა [მოსკოვისა და თბილისის] პოზიციების დაახლოებისკენ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.


“ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მხარეები უახლოეს მომავალში, მოლაპარაკებების დასრულებისას თავიანთ მიზნებს მიაღწევენ“, განაცხადა აშშ–ს ელჩმა რუსეთში.


მას შემდეგ, რაც 6 მაისს, მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ბაზების გაყვანის ვადებზე ვერ შეთანხმდნენ, გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.


მანამდე კი აშშ–ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნით, სავარაუდოდ ამ საკითხს ვლადიმერ პუტინთან 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავს. ამის შესახებ 5 მაისს თავად ჯორჯ ბუშმა განაცხადა, თუმცა აქვე დასძინა, რომ  “ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ საქართველოზე და რუსეთზეა დამოკიდებული“.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button