ახალი ამბები

ჯორჯ ბუში თბილისში ჩამოვიდა







აშშ–ის პრეზიდენტის აეროპორტში საქართველოს
პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
დააკლიკეთ სხვა ფოტოების სანახავად
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 9 მაისს საღამოს თავისი ევროპული ტურნეს ფარგლებში თბილისში ჩამოვიდა. საქართველოში ვიზიტს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში, ნიდერლანდებსა და რუსეთში.


პრეზიდენტი სააკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები უმაღლესი რანგის სტუმარს თბილისის აეროპორტში დახვდნენ. 


აეროპორტიდან აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ძველ თბილისში გაემართნენ, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ისინი ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლის წარმოდგენას დაესწრებიან.


ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 10 მაისს იწყება, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პირისპირ მოლაპარაკებები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან. აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. ამ უკანასკნელ შეხვედრას პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრება. ორი პრეზიდენტი თავისუფლების მოედნიდან, სადაც სავარაუდოდ, ათასობით მოქალაქე შეიკრიბება, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს.


ვიზიტის ოფიციალურ განრიგში არაფერია ნათქვამი აშშ-ის პრეზიდენტის და ამჟამად თბილისში მყოფი, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის ანატოლი ლებედკოს შესაძლოა შეხვედრის თაობაზე. 9 მაისს ქართული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ანატოლი ლებედკომ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრა შედგება.


საქართველოს ხელისუფლება ძალიან ამაყოფს აშშ–ს პრეზიდენტის ვიზიტით და მას რეგიონში საქართველოს წამყვან დემოკრატიულ ქვეყნად აღიარებად მიიჩნევს.


გავლენიანმა იურიდიულმა ექპერტმა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც ნავარაუდევია, რომ ცოტა ხანში ოპოზიციური “რესპუბიკური” პარტიის ლიდერი გახდება, იმედი გამოთქვა, რომ თბილისში 9-10 მაისს დაგეგმილი ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ყურადღებას  კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიულ ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილებს.


“გარდა მისი აღფრთოვანებისა ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი სწრაფვის მიმართ, ვფიქრობ, იგი მინიშნებას გააკეთებს იმაზე, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება არანაკლები პრობლემაა აქ“, განაცხადა დავით უსუფაშვილმა “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.  


საქართველოს მოსახლეობისადმი მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელ კონფლიქტებზეც ისაუბრებს და მოუწოდებს თბილისს მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ეს კონფლიქტები. 


სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 9 მაისს “რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს – სერგეი ბაღაფშს და ედუარდ კოკოითს – 9-10 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის თბილისში ვიზიტისას ერთობლივი შეხვედრა შესთავაზა, თუმცა ორივე მათგანმა უარი განაცხადა.


“კარგი იდეა იყო შემდგარიყო [ჯორჯ] ბუშთან ეს შეხვედრა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი პოზიცია აქ რუსეთს უკავია და მათი [დე ფაქტო ლიდერების] დამოუკიდებელი მოქმედებების არეალი საკმაოდ შეზღუდულია [მოსკოვის მიერ]“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


როგორც მოსალოდნელია, ქართული მხარე მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხში რუსეთის როლის შესახებ, ასევე საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს დააყენებს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button