ახალი ამბები

ზურაბიშვილი რუსულ სამხედრო ბაზებზე საბოლოო შეთანხმების მიზნით მოსკოვს სტუმრობს







ზურაბიშვილი: ჩვენ ბაზების გაყვანის პროცესში
გაუგებრობები არ გვჭირდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს 6 მაისს მოსკოვში შეხვდება, რათა საბოლოოდ მოაგვაროს ორ მინისტრს შორის აპრილში მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება 2007 წლის ბოლოსთვის  საქართველოდან რუსეთის ორი ბაზის გაყვანის თაობაზე. იმ შემთხვევაში თუ მიიღწევა საბოლოო შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტი 8-9 მაისს მოსკოვში გაემგზავრება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ხელს მოაწერს ოფიციალურ შეთანხმებას ბაზების თაობაზე.


ამავდროულად, 6-10 მაისს ევროპაში დაგეგმილი ტურნეს წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ევროპელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა მას რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანის საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილოს.


“რაც შეეხება ბაზებს, როგორც მე ვიცი, რუსეთის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ გაიყვანენ თავის ბაზებს. ეს, რა თქმა უნდა ის საკითხია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა მოგვარდეს”, იტყობინება Associated Press-ი ბუშის სიტყვებზე დაყრდნობით.


25 აპრილს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ რუსეთი თავისი ბაზების გაყვანას ბათუმიდან და ახალქალაქიდან 2005 წელს დაიწყებს და ამ პროცესს 2008 წლის 1 იანვრისთვის დაასრულებს.


თუმცა, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის მიერ ცოტა ხნის გაკეთებულმა განცხადებამ, რომ რუსეთს სულ ცოტა ოთხი წელი დასჭირდება ბაზების გასაყვანად, თბილისის შეშფოთება გამოიწვია იმის თაობაზე, რომ მოსკოვი არ შეასრულებს ზურაბიშვილსა და ლავროვს შორის მიღწეულ სიტყვიერ შეთანხმებას.


ზურაბიშვილმა 5 მაისს “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვში 6 მაისს დაგეგმილი ვიზიტის დროს მას მოუწევს იმის გარკვევა, იყო თუ არა რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება რუსეთის ოფიციალური პოზიცია.  


“რადგანაც ეს [ოთხწლიანი ვადა] არ ემთხვევა იმ ვადებს, რაზეც ჩვენ შევთანხმდით [25 აპრილს] “, განაცხადა ზურაბიშვილმა.


ზურაბიშვილის თქმით, შეთანხმება ოფიციალურად უნდა გაფორმდეს. “მივდივარ მოსკოვში, რათა [შეთანხმების] ტექსტის დეტალები შევათანხმო… რადგანაც ჩვენ არ გვჭირდება სიურპრიზები“, დასძინა მან.


მისი თქმით, საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პრეზიდენტი სააკაშვილი 8-9 მაისს მოსკოვს ეწვევა და თავის რუს კოლეგასთან ერთად შესაბამის დოკუმენტს მოაწერს ხელს.


“მაგრამ, თუ არ იქნება რაიმე პროგრესი, მაშინ პრეზიდენტის [მოსკოვში] ვიზიტის საჭიროებაც არ იქნება“, დასძინა ზურაბიშვილმა.


მისი თქმით,  საბოლოო შეთანხმება უნდა ასახავდეს ბაზების გაყვანის დეტალურ პროცესს, “რადგანაც ჩვენ არ გვჭირდება გაუგებრობა [ბაზების] გაყვანის პროცესში“.


ზურაბიშვილის თქმით, ბაზების გაყვანა 2007 წლის ბოლოსთვის ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რადგან 2008 წლიდან საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ციკლი დგება.


“ჩვენ ავუხსენით პარტნიორებს და მათაც გაიგეს, რომ რუსული სამხედრო ბაზების თემა არ უნდა გახდეს წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ელემენტი“, დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


 

This post is also available in: ინგლისური რუსული

Show More

Related Articles

Back to top button