ახალი ამბები

ხაინდრავა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაჟღერებულ ცხინვალის პოზიციაზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა მიესალმება სამხრეთ ოსეთის პოზიციას, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 5 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში  გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც ცხინვალი თანახმაა თბილისის მიერ შემოთავაზებულ კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიან გეგმაზე. თუმცა, ხაინდრავამ გაკვირვება გამოხატა იმის თაობაზე, რომ ეს პოზიცია გაჟღერდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და არა თვითგამოცხადებული რეგიონის ხელმძღვანელობის მიერ.


“ის, რომ რუსეთის საგარეო უწყება ამაზე კომენტარს აკეთებს, ცოტა მიუღებელია ჩვენთვის. კოკოითს თავად შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება და მასაც გააჩნია პრეს-სამსახური ამ პოზიციის გასაჟღერებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მივესალმებით ამ ფაქტს და საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს მესიჯი, მზად ვართ დიალოგის დასაწყებად“, განუცხადა გოგა ხაინდრავამ “სივილ ჯორჯიას“ 6 მაისს.


მან თავი შეიკავა პრეზიდენტ სააკაშვილთან ტელედებატების გამართვის თაობაზე კოკოითის ინიციატივის კომენტირებისგან და აღნიშნა, რომ “ამაზე პრეზიდენტია კომპეტენტური“. მან აქვე დააზუსტა, რომ “ტელედებატები სხვაა და მოლაპარაკებები სხვა“.


სახელწმიფო მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა ასევე ოფიციალური თბილისის პოზიციაზე კოკოითის მოთხოვნასთან დაკავშირებით ოსებსა და ქართველებს შორის სისხლიანი კონფლიქტის მიზეზების შეფასებისა და ქართველ პოლიტიკოსთა იმ ქმედებების დაგმობის თაობაზე, რომელთაც 90-იანი წლების დასაწყისში ეს კონლიქტი გამოიწვია. 


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button