ახალი ამბები

ერთობლივი კომისია ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის დავას შეისწავლის

ქართველი და სომეხი სპეციალისტებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფი საქართველოში არსებულ იმ ეკლესია–მონასტრების საკითხს განიხილავს, რომლებიც ქართულ მართლმადიდებლურ და სომხურ გრიგორიანულ ეკლესიებს შორის დავის საგანი გახდა.


ერთობლივი ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება თბილისში 28-29 აპრილს ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არტურ ბაღდასარიანსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის შეხვედრაზე იქნა მიღებული.


საქმე ეხება 9 ეკლესიას, რომლებიც ამჟამად საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის მფლობელობაშია, თუმცა მათზე პრეტენზიას სომხური ეკლესიაც აცხადებს. ამ უკანასკნელის მტკიცებით მიმდინარეობს ამ ეკლესიათა “მიზანმიმართული გაქართულება“, რაც გამოიხატება ამ ეკლესიების ეზოებში სომხურ  წარწერიანი საფლავის ქვების ქართულით შეცვლაში. კერძოდ, მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესიის ეზოში.


თუმცა პრეტენზიები სომხური მხარისადმი ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიასაც გააჩნია. 30 აპრილს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ზურაბ ცხოვრებაძემ “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ “პრეტენზიები ჩვენც გაგვაჩნია, თუნდაც ჯავახეთში ქართული ეკლესიების სომხურად გადაკეთების და ბევრი სხვა მსგავსი საკითხების მიმართ”.


აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი სომხეთის ხელისუფლებამ მარტში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ერევანში ვიზიტის დროსაც წამოწია. თუმცა მაშინ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ქართული და სომხური ეკლესიები სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მოაგვარებდნენ ამ პრობლემას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button