ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისზე საუბრობს

გაზეთ “რეზონანსის“ ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 28 აპრილს თბილისში სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან არტურ ბაღდასარიანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისმა “შეცვალა პოზიცია აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე და მზად არის განიხილოს საკითხი, თუ მიღწეული იქნება კონკრეტული პროგრესი [აფხაზეთის] კონფლიქტის მოგვარების კუთხით“.


“ეს [რკინიგზის აღდგენა] ძალიან რთული საკითხია და რა თქმა უნდა მხარეთა პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, იგი შესაძლოა დადებითად გადაწყდეს; ამგვარად, ეს იქნება დადებითი წვლილი აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში“, დასძინა ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველო მზად არის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი პოლიტიკური საკითხების მოგვარებისა და დევნილთა დაბრუნების საკითხის პარალელურად განიხილოს.


ბურჯანაძის ეს პოზიცია მიჩნეულ იქნა, როგორც თბილისის პოზიციის შერბილება აფხაზეთის გავლით რუსეთ–საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ შეწყვეტილია.


საქართველოს ხელისუფლება რკინიგზის აღდგენის წინაპირობად დევნილთა დაბრუნებას აყენებდა.


აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, რომელსაც საშუალება ექნება თავის სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთს რკინიგზით დაუკავშირდეს, თუ საქართველო ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დათანხმდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button