ახალი ამბები

მოსკოვში ბაზებთან დაკავშირებით ბურჯანაძის განცხადება “შანტაჟად” შეაფასეს

მოსკოვში უკვე გამოეხმაურნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის 12 მაისის განცხადებას, რომელიც რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის ვადებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში პარლამენტის იმ დადგენილების  შესრულებას ეხებოდა, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზებს კანონგარეშედ აცხადებს.


“შანტაჟად და რუსეთის მიმართ არამეგობრულ მიდგომად“ შეაფასა რუსეთის სათათბიროს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე კოსაჩოვმა ნინო ბურჯანაძის განცხადება.


“თუ ასეთი გადაწყვეტილება [დადგენილების შესრულების შესახებ] იქნება მიღებული, ეს არაადექვატურად აისახება მოლაპარაკებათა პროცესზე და იმ პოზიციაზე, რომელიც რუსულ მხარეს ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით უკავია მოლაპარაკებებზე“, განუცხადა “ინტერფაქსს“ 12 მაისს კოსაჩოვმა.


მოსკოვმა 6 მაისს, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს, უარი განაცხადა 2008 წლის 1 იანვრისთვის საქართველოდან ბაზების გაყვანაზე, როგორც ამას თბილისი მოითხოვს.


“უადგილო შანტაჟი“ უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვიაჩესლავ სედოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.


“შანტაჟისა და ულტიმატუმების ენა… მითუმეტეს მიუღებელია დღეს, როცა მხარეები აწარმოებენ წინადადებათა ინტენსიურ მომზადებას და ურთიერთმისაღები ვარიანტების ძიებას რუსული ბაზების გაყვანის ვადებისა და პირობების საკითხთა მთელი კომპლექსის შესახებ“, განუცხადა 12 მაისს
“ინტერფაქსს“ ვიაჩესლავ სედოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button